Amazon-ის დამაარსებელმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა საკუთარი კომპანიის აქციების წილი 1,1 მილიარდ დოლარად გაყიდა.
როგორც ამერიკული მედია წერს, ჯერ უცნობია როგორ აპირებს ბეზოსი ამ თანხის გამოყენებას, თუმცა აქვე დასძენს, რომ ეს არის უპრეცენდენტო შემთხვევა ბეზოსის მხრიდან, მას აქამდე ამ მოცულობის აქციები არ გაუყიდია. მაისში ბეზოსმა მილიონამდე აქცია გაყიდა, ხოლო ამდენივე 2016 წლის აგვისტოში.
მიუხედავად ამისა, ბეზოსი ჯერ კიდევ ფლობს მის მიერვე 1994 წელს დაარსებული კომპანიის 16%-ს. სწორედ ამ პროცენტულობამ განაპირობა ბეზოსის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების Bloomberg Billionaire's Index -ის რეიტინგში ბილ გეითსის გასწრება.
Amazon-ის აქციებზე ფასები გასულ კვირას 13,5%-ით გაიზარდა და ბეზოსის ქონება ერთბაშად 10 მილიარდით 90 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ბილ გეითსის ქონება კი იმ მომენტისთვის 88 მილიარდი დოლარი იყო.
ერთადერთი სავარაუდო მიზეზი, რის გამოც ბეზოსი ამ რაოდენობის აქციებს შეელეოდა, შესაძლოა იყოს მის მიერვე დაარსებული კოსმოსური კომპანია Blue Origin, რომლის გახსნის დროს ბეზოსმა განაცხადა, რომ ყოველწლიურად მოახდენდა ამ კომპანიაში მილიარდი დოლარის ინვესტირებას. Blue Origin დაახლოებით 10 წლის წინ დაარსდა, თუმცა ჯერ კიდევ ვერ დაასრულა პირველი მისია - გააგზავნოს პირველი ტურისტები კოსმოსში სუბ-ორბიტალური რაკეტით, რომლის სახელწოდებაცაა New Shepherd. ამ დროისთვის კომპანიამ მხოლოდ რამდენიმე ცდა ჩაატარა, თუმცა მისი დირექტორის განცხადებით, Blue Origin პირველ გაფრენას 2019 წლის აპრილში განახორციელებს.
კოკა კვირკველია