სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი - საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ფრანსუა პეშომ ჟურნალისტებს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ განუცხადა, სადაც მან სსფ-ის კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური მიმოხილვის პრეზენტაცია გამართა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფისი საქართველოში ხაზს უსვამს, რომ როგორც ექსპორტის, ისე ფულადი გზავნილების მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, რაც თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

„ამის გამო ჩვენ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3,5%-დან 4,3%-მდე გავზარდეთ“, - აღნიშნა ფრასუა პეშომ.

მან ასევე ისაუბრა რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე.

„რეფორმები უნდა განხორციელდეს იმისთვის, რომ სარგებელი მიიღოთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიდან, უკვე არსებობს ასეთი შეთანხმებები ჩინეთთან, ევროკავშირთან, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ინდოეთთან. ეს ეკონომიკური ზრდის საშუალებას გაზრდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ პროგრამას, რომლითაც გათვალისწინებულია სტრუქტურული რეფორმები; საჯარო სექტორში ინვესტიციების განხორციელება და გაზრდა, იმისთვის რომ საქართველო გახდეს ლოჯისტიკური ჰაბი რეგიონში და უფრო მაღალი იყოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი“, - განაცხადა ფრასუა პეშომ.