სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანალიტიკურმა ვებპლატფორმა - „ბიუჯეტის მონიტორმა“ საჯარო ფინანსებში მოქალაქეთა ჩართულობის კატეგორიაში საერთაშორისო ციფრული ინოვაციების ჯილდო მოიპოვა.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახური იუწყება, კონკურსი World Summit Awards-ის (WSA) ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო პლატფორმას საზოგადოებაზე მაღალი გავლენის მქონე ციფრული ინოვაციების მიმართულებით.
კონკურსში მონაწილეობდა 400-მდე პროექტი მსოფლიოს 180 ქვეყნიდან, 8 კატეგორიაში, საიდანაც საჯარო ფინანსებში მოქალაქეთა ჩართულობის კატეგორიაში გამოვლინდა 5 გამარჯვებული. „ბიუჯეტის მონიტორთან“ ერთად ჯილდოს მფლობელები გახდნენ ავსტრიის, პორტუგალიის, ინდოეთისა და მალაიზიის მიერ წარმოდგენილი პროექტები.
ბიუჯეტის მონიტორის პრეზენტაცია 2017 წლის 9 მარტს გაიმართა. პლატფორმის მიზანია, დაინტერესებული პირებისათვის მუდმივად განახლებადი ინფორმაციის მიწოდება და საბიუჯეტო პროცესის შესახებ მოქალაქეების ცნობიერების ამაღლება.
ვებპლატფორმა - „ბიუჯეტის მონიტორი“ წარმოადგენს უნიკალურ ანალიტიკურ პორტალს, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას აძლევს მიიღონ საჯარო რესურსების მართვასთან დაკავშირებული ინფორმაცია მარტივად აღქმადი ვიზუალიზაციების საშუალებით. კერძოდ, პლატფორმა პარლამენტის წევრებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, დაინტერესებულ ექსპერტებსა და მოქალაქეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ მათთვის საინტერესო სფერო და დაუყოვნებლივ მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია სახელმწიფო შემოსავლების, ხარჯების, ვალის, ინფრასტრუქტურული პროექტების, პროგრამული ბიუჯეტის, შესყიდვების შესახებ. ასევე, პლატფორმა წარმოადგენს ინფორმაციას აუდიტების შედეგად გამოვლენილი ხარვეზებისა და რეკომენდაციების შესახებ, მარტივი ვიზუალური ფილტრებით და საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, ჩაერთონ საჯარო ფინანსების მართვის პროცესის გაუმჯობესებაში.