ჩვენ რომც არ განვავითაროთ არავითარი სერვისები, ამაზე უარეს სიტუაციას ნარკოპოლიტიკის კუთხით ვერ მივიღებთ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმისა და „თეთრი ხმაურის“ მოძრაობის წარმომადგენელმა დავით სუბელიანმა განუცხადა. მისი თქმით, მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო, უამრავი ადამიანი ციხეში იმყოფება. მისივე თქმით, სერვისების არარსებობისა და ნარკოპოლიტიკის გამო, ეს ადამიანები ციხიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლები ხდებიან.
„ჩვენ რეფორმაში განსაზღვრულია რეგულარული მომხარებლისთვის საშუალო ერთი დღის დოზა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალებისთვის, რაც არის ექსპერტების მიერ შეფასებული. ეს მოდელი განხორციელდა პორტუგალიაში. განსხვავებით საქართველოსგან, პორტუგალიამ მიიღო 10 დღის საკმარისი ოდენობის დოზაზე დეკრიმინალიზაცია. ამ ოდენობებზე მსჯელობა დღემდე მიმდინარეობს. მეორე პრინციპული საკითხი არის ამ ოდენობებთან ბმაში მყოფი სანქციები. დღეს არსებული ძირითადად საპატიმრო სანქციები მეტწილად შევამცირეთ კანონპროექტით ან ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად გავაუქმეთ“, - განაცხადა სუბელიანმა.
მისივე თქმით, ქვეყნებში, სადაც დეკრიმინალიზაცია განხორციელდა, ნარკოტიკების მომხმარებლების რაოდენობა შემცირდა.
„ეს რისკი არ არის ახალი. ყველა იმ ქვეყანაში სადაც დეკრიმინალიზაცია განხორციელდა, ისმოდა კითხვა იმასთან დაკავშირებით ხო არ მივიღებთ ქვეყანაში ნარკოტიკების მომხმარებლების მნიშვნელოვან ზრდას. არც ერთ ქვეყანაში, სადაც განხორციელდა რეფორმა -დეკრიმინალიზაცია, არ მომხდარა მომხმარებლების ზრდა, პირიქით მოხდა კლება“, - განაცხადა სუბელიანმა.
მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სერვისების განვითარება არ მოიცავს დიდ თანხებს და ერთ წელში მისი განხორციელება შესაძლებელია.
„ჩვენ გავითვალისწინეთ ქართული რეალობა, რომ შესაძლოა ბიუჯეტი არ იყოს საკმარისი იმისთვის, რომ საშუალო ევროპული მაჩვენებლით ვხარჯოთ სერვისების განვითარებისთვის. ჩვენ გათვლილი გვაქვს რა დაჯდება მინიმალურად აუცილელებელი სარეაბილიტაციო სისტემების განვითარება, რომ ქვეყანა შეხვდეს მზად დეკრიმინალიზაციას. სულ რამდენიმე მილიონ ლარზეა ლაპარაკი. 10 ქალაქში შევქმნით სარეაბილიტაციო ცენტრებს. ერთი წელი სრულიად რეალისტურია ამ სერვისების განვითარებლად“,- აღნიშნა სუბელიანმა.
თავის მხრივ, ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელის, ექიმ-ნარკოლოგ დავით ოთიაშვილის განცხადებით, რეფორმის მთავარი არსი სადამსჯელო მიდგომიდან დახმარების მიმართულებაზე გადასვლაა იმ ადამიანებისთვის, ვისაც შესაძლოა ჰქონდეს ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები.
„ჩვენ არ ვეხებით ნარკოტიკების გასაღებას. კანონმდებლობა ამ მიმართულებით ძალიან მკაცრია საქართველოში და ამ კანონპროექტით ასეც რჩება. ჩვენი პაკეტი ეხება იმ ადამიანებს, ვინც მოიხმარს, მაგრამ არ არის ჩართული ნარკოტიკების გასაღებაში. კანონპროექტით სახელმწიფოს ვთავაზობთ, ამ ადამიანების მიმართ აღარ იყოს გამოყენებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, როდესაც ისინი მცირე ოდენობით ფლობენ ამა თუ იმ ნარკოტიკს პირადი მოხმარების მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს, თუნდაც არ ასაღებდეს, აღმოაჩნდება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, ის კვლავ დაექვემდებარება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. თუ ადამიანს აქვს კანონით განსაზღვრული დღიური ნორმის ფარგლებში, ეს გულისხმობს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ეს დღიური ნორმები განისაზღვრება ყველა ნარკოტიკულ საშუალებასთან მიმართებაში. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გულისხმობს მხოლოდ ფულად ჯარიმას, შეფასებისა და გადამისამართების კომისიებს, რომელიც იქნება კრიტიკული სტრუქტურა ახალ მოდელში, ექნება მთელი რიგი სანქციებისა, რომელიც შესაძლოა დაუწესონ ადამიანებს, თუ ისინი გააგრძელებენ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას“, - აღნიშნა მან.
კანონპროექტის ინიცირება მოახდინა საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნულმა პლატფორმამ და ხუთმა დეპუტატმა. პარლამენტში კანპროექტის განხილვის დაწყება მომავალი კვირიდან იგეგმება.