სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მეთოდოლოგია შემდგომ სრულყოფას მოითხოვს, რაც ჯანდაცვის მინისტრმაც დაადასტურა.
ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა. ზოიძემ აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დადგენილია ერთიანი ტარიფი, გადახდილ თანხებში განსხვავება ვერ იქნება და ტარიფები, რომელსაც სახელმწიფო გამოიყენებს, ნებისმიერი კლინიკისათვის არის ერთიანი.
“მე იმას ვამბობ, რომ ზოგადად, ფასების დადგენის უფრო სამართლიანი მეთოდი უნდა იყოს. საუბარია იმაზე და მე მიმაჩნია, რომ მომავალში სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ახალ მეთოდოლოგიაზე - დიაგნოზთან შეჭიდულ ჯგუფზე უნდა გადავიდეთ. ეს მიდგომაა ასეთი და ჩვენ ჩვენს ხედვაში გვიწერია. ამას 120 ქვეყანა გამოიყენებს. ჩვენ მომავალში ამ მეთოდზე გადავალთ, რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი. მარტო ერთი წელი სტატისტიკური მონაცმების შეგროვებას უნდა და შემდეგ დიდმა სამუშაო ჯგუფმა უნდა იმუშაოს, რომელიც ამ მეთოდოლოგიას ჩამოაყალიბებს. დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ყველა კლინიკისთვის დადგენილია ერთიანი ტარიფი. მე საუბარი მაქვს ამ ტარიფების განსაზღვრის მეთოდოლოგიაზე. დღეს განსაზღვრის რა მეთოდოლოგიასაც ვიყენებთ, შემუშავებულია ორი წლის წინ. საშუალო მედიანური ფასია აღებული. ეს მეთოდოლოგია შემდგომ სრულყოფას მოითხოვს, რაც ასევე დაადასტურა ჯანდაცვის მინისტრმა, როცა თქვა, რომ ამ მეთოდოლოგიის სრულყოფაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარეობს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
დეპუტატის განმარტებით, დაფინანსების ახალი მეთოდოლოგიის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ თუკი დღეს მხოლოდ სახელმწიფო საზღვრავს ტარიფებს საყოველთაო ჯანდაცის პროგრამით, დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფის მეთოდოლოგიით, რესურსტევადობაზე დაყრდნობით განისაზღრება ფასები ნებისმიერ ოპერაციულ ჩარევაზე. “ამ შემთხვევაში ეს ფასები ერთნაირი იქნება როგორც კერძო დაზღვევისათვის, ისე პაციენტისა და საყოველთაო ჯანდაცვისთვის“, - აღნიშნა ზოიძემ.