საქართველოში მომრავლებული ავარიებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.
მხოლოდ 2017 წლის იანვარ-სექტემბერში ავარიების შედეგად საქართველოში 384 ადამიანი დაიღუპა. გასული წლების სტატისტიკა კი ასეთია: 2016 წელს ავარიებს 581 ადამიანი ემსხვერპლა, 2015 წელს - 602, 2014 წელს - 511, ხოლო 2013 წელს - 514 დაღუპული აღირიცხა.
„საქსტატის“ მონაცემებით, წლების მიხედვით, ყველაზე მეტი გარდაცვალების შემთხვევა ქალაქში ღვედების რეგულაციის ამოქმედებამდე 2008 წელს დაფიქსირდა, როცა ავტოავარიის გამო საქართველოში 867 ადამიანი დაიღუპა. რა იწვევს ავარიებს ყველაზე ხშირად? - ამ საკითხზე „ბიზნესპრენიუსს“ ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ესაუბრა:
-სამწუხაროა, როდესაც 9 თვეში 384 ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევების გამო. ეს ციფრი კიდევ ერთხელ გვავალდებულებს, დავფიქრდეთ და უფრო მეტი გავაკეთოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის. რა მიზეზით ხდება ავარიები ასე ხშირად? - ამ კითხვაზე გამოკვეთილი, ზუსტი პასუხი არ არსებობს. ჩვენ დიდი ხანია ვთხოვთ შსს-ს, რომ სტატისტიკა დახვეწოს, რომ ამ სფეროში მონაცემები დაუზუსტებელია, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი იცვლება. ოფიციალური ვერსიით, სიჩქარის გადაჭარბება არის მთავარი დარღვევა, რომლის გამოც ადამიანები მგზავრობის დროს იღუპებიან. ეს მთელ მსოფლიოში აღიარებული უმთავრესი მიზეზია. მსოფლიოში ასეთი გამოთქმაც კი არსებობს - „სიჩქარე კლავს“. შეიძლება მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები დაარღვიოს, მაგრამ როდესაც 50-60 კმ/სთ-ში სიჩქარით მიდის, გადარჩენის ალბათობა უფრო მეტი აქვს. ასე რომ, ზომიერი სიჩქარით გადაადგილება პრევენციის კარგი გზაა. ავარიის სერიოზული მიზეზებია - საპირისპირო მიმართულებით გადასვლა, გასწრება და არასწორი მანევრირება - ეს ძირითადი დარღვევებია, რომლებსაც ოფიციალური სტატისტიკაც აღიარებს და რომლებსაც ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვება ხოლმე. თუმცა ეს სტატისტიკა არ არის ისეთი, რომ რეალურ სურათს გვაძლევდეს.
- ალბათ, ავარიის მიზეზი ხშირად მოძველებული და გაუმართავი მანქანაც ხდება...
- გეთანხმებით. დღეს ავტომობილს ყველა ყიდულობს. ამის გამო ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად 8%-ით იზრდება და ეს უცხოეთიდან შემოსული ძველი ავტომობილების ხარჯზე ხდება. ჩვენთან გაუმართავი ავტომობილების მიზეზით მომხდარი ავარიების სტატისტიკაც მოუწესრიგებელია. კერძოდ, სტატისტიკურ მონაცემებში ნახსენებია, რომ მთელი წლის განმავლობაში ამ მიზეზით 5 ავტოსაგზაო შემთხვევა მომხდარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით სტატისტიკა საერთოდ არა გვაქვს. შეიძლება ავტომანქანამ სიჩქარეს გადააჭარბოს, მაგრამ თუ მუხრუჭებიც გამართული ექნება და საბურავებიც ნორმალური, შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევას გადაურჩეს. ამიტომ, ეს მიზეზები ერთიანად, კომბინირებულად უნდა განვიხილოთ. რამდენი ავტოვარია ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანების მიზეზით, ამის ოფიციალური სტატისტიკა კი, დღესდღეობით არა გვაქვს.
- ბატონო დავით, რას იტყოდით მართვის მოწმობის შესახებ, რომელსაც თითქმის ყველას აძლევენ? ალბათ უცოდინარობაც ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია ავარიების.
- გეთანხმებით. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მართვის მოწმობების ადვილად გაცემა ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზულ პრობლემად იქცეოდა. დღეს მართვის მოწმობა შეიძლება აიღოს ადამიანმა, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესები ნორმალურად არც იცის. საგამოცდო ტესტები იმდენად მარტივია, რომ ყველა ახერხებს ჩაბარებას, ეს - თეორიულ ნაწილში, მაგრამ არანაკლებ მოუგვარებელია პრაქტიკის საკითხი: გამოცდა ბუტაფორულ მოედანზე ბარდება და არა - ქალაქის გზებზე. საბოლოო ჯამში მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელსაც არც თეორიული ცოდნა აქვს და არც პრაქტიკული გამოცდილება. შედეგი რა არის? - ალბათ თქვენც შეამჩნევდით, წვიმა რომ მოდის, ქალაქი საერთოდ იჭედება, რადგან მძღოლების უმეტესობას არა აქვს წვიმაში მართვის გამოცდილება, არც ღამით მართვის გამოცდილება, რის გარეშეც მართვის მოწმობის გაცემა დაუშვებელია. სანამ ეს მდგომარეობა არ შეიცვლება, ჩვენს გზებზე ნორმალური სიტუაცია არ იქნება.
- თუმცა, ჯარიმის შიში ბევრ მძღოლს აიძულებს, რომ მეტი ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოს...
- დაჯარიმება ერთ-ერთი ღონისძიებაა, მაგრამ ეს არ არის პრობლემის გადაჭრის მექანიზმი. პრობლემის გადაჭრა მხოლოდ მართვის მოწმობის სწორად გაცემაშია. მართვის მოწმობის გამოცდა უნდა ჩატარდეს ქალაქში, პრაქტიკულ სივრცეში, სადაც მძღოლს გადაადგილება მოუწევს. ჩემი აზრით, აუცილებელად უნდა ჩატარდეს ავტოსკოლების რეფორმაც, მათი საქმიანობა ლიცენზირებული უნდა გახდეს და მართვის მოწმობის აღება ასე ადვილი არ უნდა იყოს. გარდა ამისა, ყველა ქვეყანაში არსებობს ე.წ. შავი წერტილები, სადაც ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება. ასეთ ადგილებს ექსპერტები საგულდაგულოდ სწავლობენ, რაც ჩვენთან არ ხდება - ავარიის ადგილას არ მიდიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები - გზების ინჟინერი, გამწვანების თუ გარე-განათების სპეციალისტი, საგზაო ნიშნების სპეციალისტი, რომ ყველაფერი კომპლექსურად შეისწავლონ. სამაგიეროდ, შემთხვევის ადგილზე მიდის პატრული და დამნაშავე ყოველთვის მძღოლია. ხომ შეიძლება ავარიის გამომწვევი სულ სხვა მიზეზი იყოს? ამიტომაც გვაქვს ამდენი ავარია, რომ ასეთი საშიში ადგილების შესწავლა არ ხდება. არადა, „შავი წერტილები“ საქართველოშიც საკმაო რაოდენობითაა.
- ნასვამ მდგომარეობაში მართვას რა ადგილი უკავია ავარიების სტატისტიკაში?
- მართალია, ბოლო წლებში ამ მხრივ კონტროლი გაამკაცრეს, მაგრამ ჩვენი კანონი მაინც ძალიან რბილია და მთვრალ კაცზეა მორგებული. მართვის უფლების შეჩერება 3 თვით, თუ ამის მერე მიხვალ და შეგიწყალებენ, ან ჯარიმას გადაიხდი და მართვის მოწმობას თავისუფლად დაიბრუნებ, სასჯელი სულაც არ არის. ევროპის ქვეყნებში მთვრალი მძღოლების მიმართ საკმაოდ მკაცრი სანქციები ტარდება. მაგალითად, ლიტვაში 12 წლით ართმევენ მართვის უფლებას, თუ მძღოლის სიმთვრალე ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდება. ეს კანონი ძალიან მკაცრია სხვა ქვეყნებშიც.
- როგორ ფიქრობთ, ბოლო წლებში ყველაზე კარგი შედეგი რომელმა რეგულაციამ მოიტანა?
- ჩემი აზრით, ძალიან კარგი შედეგი მოიტანა გზებზე ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟებამ, ასევე - ღვედის შეკვრის აუცილებლობამ - მსგავსი პრევენციული ღონისძიებები ყოველთვის კარგად მოქმედებს, მაგრამ უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად ყველაზე მთავარი მაინც მძღოლების ცოდნა და განათლებაა. ვფიქრობ, რომ ავარიების აღმოსაფხვრელად ასევე ეფექტიანი გზაა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რაოდენობის ზრდაც: თუ მოსახლეობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრებს, ავტომობილების და უცოდინარი მძღოლების რიცხვი მოიკლებს, რაც ავარიების შემცირებას თავისთავად შეუწყობს ხელს.
ხათუნა ჩიგოგიძე