აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T-ს განუცხადა, რომ ტელეკომპანია CNN-ის გაყიდვა მოუწევს, რათა AT&T და Time Warner-ს შორის 85 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შერწყმის გარიგება დამტკიცდეს.
ამის შესახებ საქმეში ჩართული წყაროები აცხადებენ.
როგორც წყაროები აღნიშნავენ, AT&T ეწინააღმდეგება CNN-ის გაყიდვას და ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ შერწყმის აღნიშნული გარიგება ბაზარზე კონკურენციისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
მეორე ვარიანტი, რომელიც იუსტიციის დეპარტამენტმა AT&T-ს შესთავაზა, DirecTV-ის გაყიდვაა, თუმცა კომპანიისთვის ეს ვარიანტიც მიუღებელია.
უმსხვილესმა ამერიკულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T-მ მედიაჰოლდინგი Time Warner გასულ წელს 85,4 მილიარდ დოლარად შეიძინა.
AT&T მედიაჰოლდინგის თითოეული აქციის სანაცვლოდ 107,5 დოლარს გადაიხდის. გარიგების საერთო ჯამური ოდენობა 108,7 მილიარდ დოლარად ფასდება, საიდანაც 85,4 მილიარდი დოლარი თავად კომპანიის შეძენის ღირებულებაა, დანარჩენი ნაწილი კი Time Warner-ის ვალია, რომელსაც AT&T დაფარავს.
Time Warner-ის მფლობელობაში შედის ტელეკომპანები CNN, HBO, TNT, TNS, Cartoon Network, ტელესტუდია Warner Bros. და სხვა აქტივები.