ოთარ დანელია - აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანაზე საუბარი ნაადრევია

აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანაზე საუბარი ნაადრევია, ეს მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტიტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

დანელია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე, ყველაზე ეფექტური საშუალება მავნე მწერთან საბრძოლველად, თერმული ნისლის ტექნოლოგიით ფართობების დამუშავებაა.

"სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს სტრატეგია. გეგმას ჩვენც გავეცანით. შესაბამისად, ზუსტად იციან, როდის რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. თუმცა, აქ მინდა დავამატო, რომ აუცილებელია ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერება და გაცილებით უფრო ეფექტურად ჩართვა, რომ რაც შეიძლება სწრაფი რეაგირების შესაძლებლობები გაჩნდეს ადგილზე ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, პესტიციდების თვალსაზრისით. რაც შეეხება ბუნებრივი მტრის შემოყვანას, ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. როცა ბიოლოგიურ ალტერნატივაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია მეცნიერული შესწავლა, რომელსაც, როგორც მინიმუმ რამდენიმე წელიწადი სჭირდება. მგონი ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. რაც ვიცით, ის უნდა გავაკეთოთ - სასწრაფო დამუშავება ტყის მასივების და მომიჯნავე ფართობების. ეს არის ტემპერატურული ნიშნული, აუცილებელია დათბობის შემთხვევაში შევიდეს შესაბამისი ტექნიკა და დამუშავდეს თერმული ნისლის ტექნოლოგიის მეშვეობით, რაც გაცილებით დიდ ეფექტს იძლევა", - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის მინისტრის გადაწყვეტილებით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მავნებლის განადგურების მეთოდებზე მუშაობაში აქტიურად ერთვება.

ამის საფუძველზე, შეიქმნა მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის სამეცნიერო-საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც აზიურ ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შესაძლო შემოყვანის საკითხს გამოიკვლევს, ამ მიმართულებით სხვა ქვეყნების გამოცდილებას გაიზიარებს და საქართველოს პირობებს მოარგებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს

გადაწყვეტილებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანასეულში, ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკის ცენტრში დაიგეგმა ბიოლოგიური ლაბორატორიის მოწყობა, სადაც მეცნიერები ამ საკითხებზე იმუშავებენ.