დიმიტრი ქუმსიშვილმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები გააცნო

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, რეფორმების მიმდინარეობისა და სამომავლო გადაწყვეტილებებისა და პროგნოზების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, შეხვედრას ასოციაციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი დაესწრო. აღინიშნა, რომ ბიზნესი საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებს პროგნოზებს საქართველოს ეკონომიკის ზრდის შესახებ. ასევე დადებითად შეფასდა ის გარემოება, რომ შეხვედრები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან რეგულარულად ტარდება.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა 2018 წლის საბიუჯეტო პრიორიტეტებსა და საგადასახადო კანონმდებლობაზე, აგრეთვე, მიმდინარე ფისკალურ და სტრუქტურულ რეფორმებზე, მათ შორის, საპენსიო სქემისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით. ასევე, ყურადღება გამახვილდა საჯარო-კერძო პარტნიორობის საკანონმდებლო ჩარჩოზე, რომელიც ამჟამად იხილება.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საქართველოს ყველაზე მსხვილი ბიზნესის გაერთიანებას წარმოადგენს.