”მთავრობის მიერ დანიშნული ბიზნესომბუდსმენი ბიზნესს ვერ დაიცავს”

ექსპერტებისთვის მიუღებელია ბიზნესომბუდსმენის დამოუკიდებლობის ხარისხი და ამ სტრუქტურის მუშაობის მექანიზმები.

ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანაში 2011 წელს შეიქმნა, საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და მათი კანონიერი ინტერესების დაცვას უწევს ზედამხედველობას. თუმცა, ამ ინსტიტუტის საქმიანობას ექსპერტების უმეტესობა კრიტიკულად აფასებს.

აუდიტორმა ირაკლი შავიშვილმა, BPN-თან საუბარში განაცხადა, რომ არსებული უწყება არასწორად არის ფორმირებული, რადგან ბიზნესომბუდსმენის ფუნქცია განისაზღვრება იმით, რომ მან მთავრობის წინაშე გადამხდელის ინტერესები უნდა დაიცვას. გამოდის, რომ მისი ოპონენტი მთავრობაა. მაშინ როცა, საგადასახადო ომბუდსმენი პრემიერ-მინისტრის მიერ ინიშნება და მის ფუნქციებსაც მთავრობა განსაზღვრავს. იაშვილის შეფასებით, არ შეიძლება ადამიანმა თავისი ოპონენტი თვითონ დანიშნოს, ამიტომ ეს ინსტიტუტი უფუნქციოა და ეფექტურ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს.

„ბიზნესომბუდსმენი ასევე არის ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების საბჭოს წევრი, ანუ ითავსებს მოსამართლის ფუნქციასაც. ეს იგივეა, რომ სახალხო დამცველმა სასამართლოში თვითონ გადაწყვიტოს მსჯავრდებულის ბედი. ამიტომ მე არ მაქვს ინფრომაცია, რომ ეს ინსტიტუტი რამე რეალურ ფუნქციას ასრულებს გადამხდელთა უფლებების დაცვის თვალსაზრისთ. მეტსაც გეტყვით, საგადასახადო კოდექსი, რომელიც საქართველოში მოქმედებს, არის უვარგისი და საგადასახადო ომბუდსმენის განცხადება ამ დოკუმენტში რაიმე ცვლილების შეტანის შესახებ და გადამხდელების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ, მე არ მომისმენია,“ - განაცხადა ირაკლი შავიშვილმა.

როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატში ამბობენ, მათი საქმიანობის სქემა შემდეგია: გადასახადის გადამხდელთა მომართვის (სატელეფონო, განცხადება, ელ.წერილი, შეხვედრა) საფუძველზე ბიზნესისათვის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, შემდეგ კი იდენტიფიცირებული პრობლემების დამუშავება, შესწავლა და რეკომენდაციის მომზადება.

აპარატის მიერ რეკომენდაცია ორი მიმართულებით მზადდება. თუ პრობლემა წარმოქმნილია საკანონმდებლო ხარვეზების საფუძველზე, მთავრობისათვის მზადდება საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი. თუ ადგილი აქვს ადმინისტრირების პრობლემას, შესაბამისი უწყებისათვის მზადდება რეკომენდაცია საკითხის ოპტიმალური მოგვარებისათვის, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული ბიზნესის ინტერესები.

რაც შეეხება ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის მიმდინარე სტატისტიკას, მათი ინფორმაციით, 2014 წლის I კვარტალში სულ წარმოებაში მიღებულია 86 საქმე. აქედან 48 საქმის განხილვა დასრულებულია, ხოლო 38 მიმდინარეა. დასრულებული 48 განცხადებიდან 29 მეწარმეთა ინტერესის გათვალისწინებით დასრულდა, ხოლო 19 შემთხვევაში მეწარმეთა ინტერესები ვერ დაკმაყოფილდა.

მაისში ბიზნეს ომბუდსმენი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის წინაშე წარდგება და გასული წლის საქმიანობას შეაჯამებს. როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატიდან გვაცნობეს, ანგარიშში ძირითადი აქცენტები გაკეთდება შემდეგ საკითხებზე: საგადასახადო ადმინისტრირება, ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირების დაბეგვრა, საგადასახადო დავების განხილვის წესის ოპტიმიზაცია, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების ვადები და ბიზნესის ჩართულობა, საგადასახადო შეღავათები ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის, ბიზნესის განვითარებისა და საინვესტიციო ხელშეწყობის სხვა საკითხები.

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესომბუდსმენი უფრო აქტიური წინა ხელისფლების დროს უნდა ყოფილიყო, როცა ბიზნესისთვის მეტი პრობლემა არსებობდა, თუმცა ბიზნესომბუდსმენის საქმიანობის გააქტიურებას ვერც ახლანდელი მთავრობის პირობებში ხედავს.

„ახლაც აქვთ ბიზნესის წარმომადგენლებს გარკვეული პრობლემები, რომლებზეც ისინი ღიად საუბრობენ და რეალურად ბიზნესომბუდსმენის აქტივობა ამ მხრივ მაინცდამაინც არ ჩანს. ეს შეეხება მაგალითად გადამზიდავებთან და საფოსტო გზავნილებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამიტომ ბუნებრივია ვერ ვიტყვით, რომ არსობრივად რაიმე შეიცვალა ბიზნესომბუდსმენის საქმიანობაში აქტივობის კუთხით. შესაბამისად, ვისურვებდით, რომ უფრო აქტიური იყოს ბიზნესომბუდსმენი და გარკვეული ქმედითი ნაბიჯები გადაედგა. ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა სწორედ ფასდება მისი აქტივობით და წარმატებული „კეისებით“ , რომელიც ჯერ ალბათ არ ჩანს, “- ამბობს აბაშიშვილი.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მომხრეა ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე.

„ბიზნესომბუდსმენს მთავრობა კი არ უნდა ნიშნავდეს, არამედ ბიზნესი უნდა წარადგენდეს და პარლამენტი ამტკიცებდეს. ეს უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს ბიზნესომბუდსმენს. აქ საუბარი არ არის, რომ მან პოლიტიკური განცხადებები აკეთოს და პრობლემები შექმნას, არამედ დაიცვას ბიზნესის უფლებები, რეალურად გამოვიდეს პრობლემების დამსმელად და რეალური ოპონენტი იყოს მთავრობის. ძალიან ცოტა მახსენდება ისეთი საკითხი, რომელიც ბიზნეს ომბუდსმენის ჩარევის შემდეგ ბიზნესმა მიიღო შედეგის სახით. ამიტომ საჭიროა მეტი დამოუკიდებლობა, რომ მისი გადადმული ნაბიჯები უფრო აქტიური იყოს ბიზნესის ლობირების საკითხებში,“- აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი ლოჯისტიკური კომპანია „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი იაშვილმა BPN-თან საუბარში აღნიშნა, ლოჯისტიკის ბიზნესში სახელმწიფოს მხრიდან არსებული პრობლემების შესახებ ბიზნესომბუდსმენს მიმართეს და თავის მხრივ ბიზნესომბუდსმენმა აღიარა ამ სფეროში არსებული პრობლემები, თუმცა ამის იქით საქმე არ წასულა.

"როცა სამინისტროებიდან არავინ გამოგვეხმაურა, მივმართეთ ბიზნესომბუდსმენს. შედგა შეხვედრა, დაგვეთანხმენ და აღიარეს პრობლემის არსებობა, მაგრამ ამის იქეთ არაფერი მომხდარა. ჩვენ მოგვიწია ამ საკითხის გასაჯაროება, ვიაქტიურეთ, ორი თვის წინ ღია წერილით მივმართეთ პრემიერ-მინისტრს და ამის შემდეგ ეს საკითხი ნაწილობრივ მოგვარდა. ბიზნესომბუდსმენის მონაწილეობა ამ საკითხში ფაქტობრივად არ ყოფილა," - განაცხადა ირაკლი იაშვილმა.

გიორგი მუშკუდიანი