მე-6 კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოების შეცვლა სახელმწიფოს 23 მილიონ ლარამდე დაუჯდება

პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით, ყველა სახელმძღვანელოს შეცვლა სახელმწიფოს 23 მილიონ ლარამდე დაუჯდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიამ განაცხადა.

„ცალკეა ინტელექტუალური საკუთრების კომპონენტი და ცალკე ბეჭდვა. ტენდერი გამოავლენს ბეჭდვის ფასს, თუმცა საპროგნოზო ღირებულება 15 მილიონი ლარია; შეიძლება 12 მილიონიც იყოს. რაც შეეხება ინტელექტუალური საკუთრების კომპონენტს, დღევანდელი გათვლებით, თუ რაიმე ახალი წიგნი არ დაემატა, საავტორო უფლებებისთვის 6-დან 7 მილიონ ლარამდე იქნება. ჯამში, 23 მილიონია ბიუჯეტში გათვლილი, აქედან 1 მილიონი ლოჯისტიკისთვისაა გათვალისწინებული, 10 მილიონზე მეტი წიგნი იქნება სკოლებში დასარიგებელი“, – აცხადებს მურღულია.

მისივე განცხადებით, სახელმძღვანელოები მოსწავლეებს უფასოდ დაურიგდებათ.

„სახელმძღვანელოები უფასო იქნება დამდეგ წელს, მომდევნო წელს. გრძელვადიან პერსპექტივაში, მე ძალიან ღრმად მწამს, როგორც ეკონომისტს, რომ საქართველოს განვითარება მივა იმ დონემდე, როცა საშუალო შემოსავლის მოქალაქეს არ ექნება წიგნის ყიდვის პრობლემა. მაშინ ეს პროგრამა სხვა უფრო საინტერესო პროგრამებით შეიცვლება. ვიდრე საქართველოში არიან ადამიანები, ვისთვისაც წიგნების კომპლექტის შეძენის პრობლემა საჭმლის ქონა-არქონასთან იქნება დაკავშირებული, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს პროგრამა არ შეწყდება, სულ მცირე ამ ადამიანებისთვის მაინც“, – ამბობს მურღულია.

რაც შეეხება წიგნის წონას, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ის უფრო მსუბუქი იქნება.

„თუმცა ის, რომ წიგნი ძალიან მსუბუქი იქნება, ძალიან პატარა კომპონენტია იმ ცვლილებების, რომელიც წიგნებთან მიმართებაში განხორციელდება.

სახელმძღვანელოებზე განაცხადების მიღება პრაქტიკულად სრულდება. შემოგვივიდა ძალიან დიდი რაოდენობის განაცხადები, როგორც იმ გამომცემლებიდან, რომელიც აქამდეც მონაწილეობდნენ, ასევე კერძო ავტორებისგანაც. კვირის ბოლოს დამთავრდება განაცხადების მიღება. ამ დროისთვის 82 განაცხადია 13 საგანში ერთდროულად. ყველა ძირითად საგანში წიგნები უკვე გვაქვს. ერთადერთი არის ქართული, როგორც მეორე ენის სახელმძღვანელო [ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისთვის], სადაც ვიმედოვნებ, რომ განაცხადები კიდევ შემოვა. აქაც არ ჩავაგდებთ და წიგნი აუცილებლად გვექნება. იცვლება ყველა საგნის წიგნი, მაგრამ პროცესი ამით არ სრულდება. ყოველ წელს ახალი წიგნები გამოვა ან ძველი წიგნები გაუმჯობესდება, ეს აპრობირებული მეთოდია ევროპის ქვეყნებში“, – განაცხადა თეიმურაზ მურღულიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.