გუგა ქაშიბაძე - ყველა ვთანხმდებით, რომ ჯანდაცვის რეფორმა საჭიროებს ყოველდღიურ ცვლილებებს

ყველა ვთანხმდებით, რომ ჯანდაცვის რეფორმა საჭიროებს ყოველდღიურ ცვლილებებს, რათა უფრო მორგებული იყოს პაციენტებზე, ექიმებზე, კლინიკებზე და ქვეყანაზე , - ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ ჯანდაცვის მინისტრისა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, შესაძლოა შემოვიდეს რეგულაციები, რომელიც თავს აარიდებს ქვეყანას იმაზე მეტი თანხის დახარჯვას ჯანდაცვაში, ვიდრე საჭიროა.

"კონკრეტულ შენიშვნებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა გარკვეული ხარვეზები რა თქმა, უნდა კლინიკების მხრიდან არის. ცვლილებები რა თქმა უნდა საჭიროა", - განაცხადა ქაშიბაძემ.

”თბილისის გულის ცენტრის” გენერალური დირექტორის, არჩილ ჩუხრუკიძის შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა ტრადიციულია, რომელსაც დავით სერგეენკო ხშირად მართავს.

"იყო საუბარი სიახლეებზე, ხარვეზებზე, მათ შორის იყო დოკუმენტაციის მოწესრიგება, ხარისხის კონტროლი და ა.შ. პარალელურად საუბარია იმაზე, რომ იგეგმება სელექტიური კონტრაქტირების დანერგვა, თუმცა დეტალები ჯერ ცნობილი არ არის", - აღნიშნა ჩუხრუკიძემ.

კლინიკების ხელმძღვანელები დავით სერგეენკოსთან შეხვედრას პოზიტიურად აფასებენ.