საზოგადოებას ექნება საშუალება, ვიდრე სახელმძღვანელოები დაიბეჭდება, წინასწარ გაეცნოს სამუშაო ვერსიებს და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსიროს როგორც აკადემიური, ასევე სუბიექტური თვალსაზრისით , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
ჯაშის ინფორმაციით, მთავარი აქცენტი მაღალი ხარისხის მეთოდოლოგიაზე და ცოდნაზე გაკეთდება.
„როგორც იცით, განათლების სამინისტრომ დაიწყო პირველი მე-6 კლასის ჩათვლით სახელმძღვანელოების განახლების პროცესი როგორც შინაარსობრივად, ასევე ფორმის და დიზაინის, წონის და სხვა პარამეტრების მიხედვით. მაგრამ მთავარი აქცენტი კეთდება შინაარსზე. ყველა სახელმძღვანელოს შემუშავების პროცესში ახალი მიდგომა იქნება; მთავარი აქცენტი ავტორთა შორის კონკურენციაზეა, რადგან საუკეთესო შინაარსის მქონე სახელმძღვანელოებმა მიიღონ უმაღლესი შეფასება და მოიპოვონ გამარჯვების უფლება. მეორე ეტაპია შეჯერებული, შეთანხმებული სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი, რომელიც ეხება საგამომცემლო საქმიანობას. 2018 წლის აპრილში დაიწყება ახალი სახელმძღვანელოების დაბეჭდვა და 2018 წლის სექტემბერში ჩვენს ბავშვებს ექნებათ სრულიად ახალი, ბევრად უფრო საინტერესო სახელმძღვანელოები. მომდევნო წელს იწყება ახალი პროცესი, სახელმძღვანელოები მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით შეიცვლება.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საყოველთაო ხელმისაწვდომობა გვაქვს განათლების, საერთაშორისო შეფასებებით საქართველოს მოსწავლეთა შედეგები ზუსტ მეცნიერებეში და უცხო ენებში საკმაოდ ჩამორჩებოდა ევროპის სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ რეალურად მოახდინოს მნიშვნელოვანი პროგრესი მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე და სახელმძღვანელოების შინაარსობრივი გადახედვა უმნიშვნელოვანესია.
ყველაზე საინტერესო ამ პროცესში არის ის, რომ ავტორები ბევრად უფრო დაფასებულები იქნებიან, ვიდრე ოდესმე ყოფილან. მთავარია, რომ მაღალი ხარისხის მეთოდოლოგიაზე და ცოდნაზე გაკეთდეს აქცენტი სახელმძღვანელოებში. ბევრს მოგვისმენია ჩვენს გარშემო არსებული სახელმძღვანელოების კრიტიკა.
გარდა კომისიისა და საბჭოსი, რომელიც სახელმძღვანელოების შინაარსს განიხილავს, საზოგადოების თითოეულ წევრს ექნება საშუალება, ვიდრე სახელმძღვანელოების დაბეჭდვა მოხდება, გაეცნოს წინასწარ სამუშაო ვერსიებს, საკუთარი მოსაზრებები დააფიქსიროს როგორც აკადემიური, ასევე, სუბიექტური თვალსაზრისით. მაქსიმალურად ყველამ ერთად შევქმნათ ახალი სახელმძღვანელოები. ეს არის განათლების სამინისტროს ახალი ინიციატივა, რომელსაც პარლამენტის კომიტეტის სახელით სრული მხარდაჭერა მინდა გამოვუცხადო“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.