რა შეცდომებს უშვებენ უძრავი და მოძრავი ქონების დაგირავებისას

უძრავ-მოძრავი ქონების დაგირავებისა და იპოთეკით დატვირთვის დროს რამდენიმე პრობლემა იკვეთება, რომელზეც დამგირავებლები ხშირად ყურადღებას არ ამახვილებენ.

რა უნდა გაითვალისწინოთ ხელშეკრულების გაფორმების დროს, რათა საკუთარი ქონება ან თანხა არ დაკარგოთ. ამ საკითხებზე „ბიზნესპრესნიუსი“ ადვოკატ ირაკლი უტიაშვილს ესაუბრა.

ირაკლი უტიაშვილი: მოძრავი ქონების დაგირავებისას სხვადასხვა სახის პრობლემები იჩენს ხოლმე თავს. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ორგანიზაცია, სადაც მოქალაქე ნივთს აგირავებს, ფინანსურად ძლიერი უნდა იყოს, რათა მისი დაკარგვის საშიშროების წინაშე არ დადგეს.

პირს დაუგირავებია ძვირფასეულობა, კომპანია კი გაკოტრებულა და ეს ნივთები დამგირავებელს დაუკარგავს. ასეთი შემთხვევები ჩემს პრაქტიკაში არაერთი ყოფილა.

ამ თვალსაზრისით შესაძლებელია ნივთების მიზანმიმართულ მისაკუთრებასთან გვქონდეს საქმე. ეს უფრო თაღლითობაა, მაგრამ ნივთების დამგირავებელი შესაძლებელია ასეთი პრობლემის წინაშეც დადგეს. ამ შემთხვევებს მასიური სახე არ აქვს, თუმცა პრაქტიკაში მქონია.

რაც შეეხება ბინის იპოთეკით დატვირთვას. ამ შემთხვევაში რა პრობლემები იკვეთება?

იპოთეკის შემთხვევაში ბინის მესაკუთრესა და მსესხებელს შორის, იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება იდება. ბინის მესაკუთრემ თანხა თუ ვერ დაუბრუნა, მაშინ გამსესხებელს შეუძლია უძრავი ქონების რეალიზაცია მოითხოვოს.

პრაქტიკიდან რამდენიმე შემთხვევას გამოვყოფდი. ბინის მესაკუთრემ თანხის გამსესხებელს აჩვენა სხვა უძრავი ქონება, ხოლო შემდეგ ნოტარიუსთან ხელშეკრულება მიწის ნაკვეთზე გააფორმა.

ბოლოს როდესაც ხელშეკრულება გაიშიფრა, აღმოჩნდა რომ იპოთეკაში მიწა იყო ჩადებული, რომლის ღირებულება ხუთჯერ ნაკლები იყო. მიწის ნაკვეთის რეალიზებისას კი პირი იმ თანხას, რა თანხაც გაასესხა, ვერ ამოიღებდა.

ასეთი შემთხვევები უფრო ხშირად ხდება, ვიდრე ძვირფასეულობასთან დაკავშირებული შემთხვევები.

ყველა გამსესხებელს ვურჩევდი, მიმართოს ადვოკატს, მიიღოს სწორი კონსულტაცია და საქმის ვითარებაში გაერკვეს.

რამდენად ხშირად გირავდება ავტომობილი და ამ კუთხით რა პრობლემებია?

ავტომობილის შემთხვევაში პროცენტი ძალიან მაღალია. ამ შემთხვევაში პრობლემები მოგირავნეს უფრო შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე დამგირავებელს. უმეტეს შემთხვევაში დაგირავებისას მესაკუთრეს ავტომობილის სარგებლობის უფლება უნარჩუნდება. ხშირად ხდება, როდესაც ამ ავტომობილს გადამალავენ, დაშლიან, შემდეგ კი ლობარდს ამ თანხის ამოღება უძნელდება.

ხელშეკრულებაში წერია, რომ პირს უფლება არ აქვს მანქანა თვითნებურად მწყობრიდან გამოიყვანოს, თუმცა მიზანმიმართულად დაეჯახა თუ არა, ამის მტკიცება ძნელია.

როგორც წესი ლომბარდი ძალიან მაღალ პროცენტი ითხოვს და ვერ გადახდის შემთხვევაში ჯარიმებიც ძალიან მაღალია. ამ შემთხვევში ლომბარდი იქცევა არაკეთილსინდისიერად.

ხშირად ხელშეკრულებაში ჩადებულია, რომ ავტომობილის მესაკუთრე პროცენტის გადახდის ვალდებულებას თუ დაარღვევს, მაშინ ავტომობილი მოგირავნის საკუთრებაში გადავა, ხოლო სამართლებრივი დავა შეწყდება. ამიტომ ავტომობილის მესაკუთრემ ეს რისკიც უნდა გაითვალისწინოს და ხელშეკრულებაში ასეთი პუნქტის არსებობას ერიდოს.

გარდა ამისა, შესაძლებელია ხელშეკრულებაში ასევე ისიც იყოს მითითებული, რომ მიუხედავად ავტომობილის საკუთრებაში მიღებისა, სამართლებრივი ურთიერთობას მაინც არ ამოწუროს და შეუძლია დამატებითი თანხაც მოითხოვოს.

ლიკა ამირაშვილი