პარლამენტში დროებით შეჩერებულია კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა, რომლის მიხედვით, მიწებთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი ბანკებსა და ”განსაკუთრებულ შემთხვევებზე” არ ვრცელდება.
საპარლამენტო უმრავლესობამ საკითხის განხილვა სექტემბრის დასაწყისში დაჩქარებული წესით დაიწყო, თუმცა პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ, პროცესი აღარ გაგრძელებულა. საკითხს მმართველი გუნდი არც არჩევნების შემდეგ განახლებული მოსმენების ფარგლებში დაბრუნებია.
საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ანრი ოხანაშვილი პროექტის კორექტირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მასში შესაძლოა კიდევ განხორციელდეს ცვლილებები, რაც მსჯელობის საგანია.
“საკითხს ვნებათაღელვა მოჰყვა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გარკვეულმა ძალებმა სცადეს, თითქოს და, აქ საზოგადოების საწინააღმდეგოდ რაღაცის განხორციელება ხდებოდა. ასეთი ფონი რომ არ შექმნილიყო, დამატებითი კითხვები არ გაჩენილიყო და ყველასთვის დეტალურად და კარგად აგვეხსნა, გამომდინარე აქედან, საკითხის განხილვა დროებით შეჩერდა. სწორედ ჩვენი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, საკითხი რეგულირებას აუცილებლად საჭიროებს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ანრი ოხანაშვილმა.
დეპუტატი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, როდის დაუბრუნდება პარლამენტი კანონპროექტის განხილვას, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ პროექტის მიღება წლის ბოლომდე მოხდეს.
პარლამენტში სექტემბერში დარეგისტრირდა და ბიუროს გადაწყვეტილებით, დაჩაქრებული წესით დაიწყო “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვა, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე და ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ გავრცელდება. შეზღუდვა ასევე არ გავრცელდება ”განსაკუთრებულ შემთხვევებზე”, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით განისაზღვრება.
როგორც ცნობილია, პარლამენტის მიერ საგაზაფხულო სესიის ბოლოს მიღებული კანონით, უცხოელებსა და უცხოურ კომპანიებზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისებასა და საკუთრებაში გადაცემაზე მორატორიუმი დაწესდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, შესაბამისი საკანონმდებლო ნორმა საკონსტიტუციო ცვლილებების ამოქმედებამდე შეჩერდა.
“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონში ინიცირებული ცვლილებების თანახმად კი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის შეჩერების შესახებ დადგენილი მორატორიუმი არ გავრცელდება კომერციულ ბანკებზე, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება საბანკო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში წარმოეშობათ. ასეთ შემთხვევაში, კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ორი წლის ვადაში ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე გაასხვისონ.
პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, დაინტერსებულმა პირმა შესაბამისი არგუმენტაციით უნდა მიმართოს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელიც საკითხის შესწავლის შემდგომ, საკითხს განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას წარუდგენს.
პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები - ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ილია წულაია.