დავით ნარმანია - რაიონული გამგეობების მიერ 36 ახალი სპორტული მოედანი მოეწყო და 441-ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებით თბილისის მერიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე ისაუბრა.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები 2015 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის სტიპენდიას იღებენ. მისივე თქმით, 2015 წლიდან დღემდე, თანხა 369 მაგისტრანტს ჩაერიცხა, ხოლო სწავლა 6 500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს დაუფინანსდა. ამასთან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს 6 ადაპტირებული ტრანსპორტი ემსახურება.

გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, მერიის სისტემაში შემავალ სხვადასხვა სამსახურებში, „დაიწყე კარიერა“ - პროგრამის ფარგლებში, სტაჟირება 500-მდე სტუდენტმა გაიარა. პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის კი 700 ადამიანი გადამზადდა.

დავით ნარმანიას განცხადებით, 2015 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზებზე, ორი “FAB LAB” (ბიზნეს ინკუბატორი) შეიქმნა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა.

რაც შეეხება კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებს, დავით ნარმანიას თქმით, მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ, 2014-2017 წლებში, განხორციელდა სხვადასხვა სახის ინოვაციური, ნოვატორული და ინფრასტრუქტურული პროექტები, გატარდა რეფორმები, დაფინანსდა კულტურის სფეროს ხელშემწყობი მასშტაბური პროექტები, ღონისძიებები და მრავალფეროვანი აქტივობები. ნარმანიას განცხადებით, ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში გაიხსნა თბილისის მედიათეკების გაერთიანების რიგით მესამე ფილიალი. გარდა ამისა, თბილისის მერის თქმით, მუზეუმების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადასვლის მიზნით, გაერთიანდა 9 მუზეუმი და დაფუძნდა ა(ა)იპ „მუზეუმების გაერთიანება“.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, შეიქმნა „ქალაქი-ბიბლიოთეკა“, რომლის ფარგლებშიც, ქალაქის მასშტაბით განთავსდა 262 კონსტრუქცია.

არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობის ფარგლებში კი 4 კერის: შახტატის, თრელიგორების ნასახლარის, საჯოგის ნასახლარისა და წმინდა ორმოცი სებასტიელი მოწამის ტაძრის ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა განხორციელდა. კულტურის საქალაქო სამსახურის მიერ შემუშავდა ინკლუზიური ხელოვნების ხელშეწყობის პროგრამაც.

რაც შეეხება სპორტის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს, როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, ქალაქის მასშტაბით, რაიონული გამგეობების მიერ, 36 ახალი სპორტული მოედანი მოეწყო და 441 -ს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, 2015 წელს პარასპორტის განვითარების სპორტული ცენტრი გაიხსნა, რომელიც, ამიერკავკასიის მასშტაბით, შშმ პირებზე სრულად ადაპტირებული ერთადერთი პარასპორტული არენაა. დავით ნარმანიას თქმით, აშენდა რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი, რომლის ანალოგიც თბილისში მანამდე არ არსებობდა. 2016 წელს კი, გაიხსნა ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი.

დავით ნარმანიამ სპორტის მიმართულებით განხორციელებულ სხვა მნიშვნელოვან პროექტებზეც ისაუბრა, რომელთა ფარგლებშიც, თბილისის მასშტაბით, სპორტული კომპლექსები, მოედნები, სავარჯიშო ზონები, ველოპარკინგები და ველობილიკები მოეწყო.