2017 წლის 9 თვეში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მამაკაცებზე 2 568 შემაკავებელი ორდერი, ქალებზე კი - 278 გაიცა

2017 წლის 31 ოქტომბრის მონაცემებით, დაახლოებით 9 თვის განმავლობაში, საქართველოში ოჯახში ძალადობის ფაქტებზე 3 137 შემაკავებელი ორდერი გაიცა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ შსს-დან გამოთხოვილ სტატისტიკურ მონაცემებშია ნათქვამი.

კერძოდ, როგორც შსს-ს ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ოჯახური ძალადობის დანაშაულზე მამაკაცებზე 2 568 ორდერი გაიცა. რაც შეეხება მდედრობით სქესს, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობით, ქალებზე 278 შემაკავებელი ორდერია გაცემული.

„ინტერპრესნიუსმა“ ოჯახური დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები ასევე უშუალოდ თბილისის საქალაქო სასამართლოდანაც გამოითხოვა. სასამართლოს ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლი 9 თვეში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 613 შემაკავებელი ორდერის დამტკიცებაზე გამოიტანა გადაწყვეტილება.

ამასთან, შსს-ს ოფიციალური მონაცემებით, ოჯახში მომხდარი დანაშაულებიდან, სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი 1473 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც სამართალდამცველებმა სისხლის სამართლებრივი დევნა 1012 შემთხვევაში დაიწყეს.