ჩინეთმა „ბოინგისგან“ 37 მილიარდი დოლარის ავიალაინერები შეიძინა

„ბოინგმა“ და ჩინურმა კომპანია China Aviation Supplies გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, ჩინური მხარე ამერიკული ავიაგიგანტისგან 300 ცალ სამგზავრო ავიალაინერს შეიძენს.

კონტრაქტის ღირებულება 37 მილიარდი დოლარია. ეს ხელშეკრულება ამერიკულ და ჩინურ კომპანიებს შორის ერთ-ერთია იმ რამდენიმედან, რომლებიც ჩინეთში ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტისას გაფორმდება.

ამავე ვიზიტის დროს, „ჯენერალ ელექტრიკი“ თავის ჩინელ პარტნიორთან ორი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავს. მათგან ერთის ღირებულება 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენს და ჩინელი პარტნიორისთვის რეაქტიული ძრავების მიყიდვას ითვალისწინებს. მეორე კონტრაქტით კი, რომელიც 1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ამერიკული კომპანია ჩინეთში ელექტროსადგურისთვის საჭირო დანადგარებს და სერვისს გაყიდის.

China Aviation Supplies სახელმწიფო კომპანიაა და ის ჩინური ავია კომპანიებისთვის ლიზინგით ლაინერების მომარაგებით და ტექნიკური მომსახურებით არის დაკავებული. „ბოინგთან“ დადებული კონტრაქტით, ჩინური კომპანია 260 ცალ B-737-ს, 40 ცალ B-777-ს და ამდენივე B-787-ს შეიძენს. ორი წლის წინ, ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის აშშ-ში ვიზიტისას, „ბოინგმა“ ჩინურ კომპანიებთან ასევე 300 თვითმფრინავის გაყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. სავარაუდოდ, ახალი კონტრაქტი ძველით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილსაც მოიცავს.

„ბოინგი“ აცხადებს, რომ მის მიერ წარმოებული სამგზავრო ლაინერების დაახლოებით მეოთხედს, ჩინური კომპანიები ყიდულობენ. როგორც წესი, ჩინეთში თვითმფრინავების გაყიდვის პროცესი რამდენიმე საფეხურს მოიცავს. მათ შორის მთავარი სახელმწიფოსგან ნებართვის მიღებაა, რაც ბევრი მოლაპარაკებას და შემოწმებას საჭიროებს.

ახალი კონტრაქტის გაფორმებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამერიკულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ 7.4 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი დადო კიდევ ერთ ჩინურ სალიზინგო კომპანიასთან - „ჩაინა დეველოპმენტ ბან ფაინენშლ ლიზინგთან“. ამ კონტრაქტის შესაბამისად, ჩინური მხარე 42 ცალ B-737 მაქსს და 10 ცალ B-787-9 დრიმლაინერს მიიღებს.

ჩინეთში ახალი კონტრაქტის დადებამდე ერთი თვით ადრე, „ბოინგმა“ სინგაპურის ავიაკომპანია „სინგაპურ ეარლაინზს“ 39 ცალი ფართოფიუზელაჟიანი ლაინერი მიჰყიდა.