როგორ დაიპყრო საფრანგეთი და ამერიკა ქართველი გოგონას ხელნაკეთმა ჩანთებმა

23 წლის ქართველი ფსიქოლოგის სოფო უზნაძის ხელნაკეთ ჩანთებს ამერიკაში უკვე კარგად იცნობენ.

Fredo Handmade-ის ჩანთები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც მოდის ქართველ მიმდევრებში, ასევე ნიუ იორკში.

- ბავშვობიდან ვხატავ, თუმცა, მერე ჟურნალისტიკამ გამიტაცა. დავდიოდი საბავშვო სატელევიზიო სტუდიაში, ვამზადებდი სიუჟეტებს. ხელსაქმემ გვიან, დაახლოებით შარშან დამაინტერესა.

მეგობარმა მასწავლა ლაზერით ხის ფორმატების გამოჭრა. ჰოდა, ისე მომეწონა, რომ აქსესუარების გაკეთება დავიწყე. თავიდან მარტივ სამკაულებს ვქმნიდი, შემდეგ სახლში ტყავის ნაჭრები აღმოვაჩინე და ჩანთის შეკერვა ვცადე. ჯერ ერთი, მერე მეორე, მესამე... გონებაში სულ ახალ-ახალი ფორმები, ფერთა შეხამება მესახებოდა.

მალევე მივხვდი, რომ ჩემი ჰობი თუ გატაცება ბიზნესად იქცეოდა. როგორც ბევრი, მეც ჩემი ნაკეთობებით სოციალურ ქსელში ვიწონებდი თავს. თანდათან ჩნდებოდა ახალი იდეები, მიგნებები. ნელ-ნელა ჩემი ჩანთები პოპულარობას იხვეჭდა. მალე ერთი და იმავე კითხვით დამიწყეს მომართვა. სად შეიძლება შეძენაო და მეკითხებოდნენ არა მხოლოდ საქართველოდან... რომ არა ეს კითხვა, ალბათ, დღეს Fredo Handmade არც იარსებებდა. მაქებრებთან ერთად, იყვნენ სკეპტიკოსებიც, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ არ გამოგვივიდოდა ჩანთების დამზადება, მით უფრო, რეალიზაცია, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი აეწყო. დღეს ჩვენი ჩანთები იყიდება რუსეთში, უკრაინაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში.

- რატომ "ფრედო"?

- ჩემი საყვარელი მსახიობის, ალ პაჩინოს გამო, რომლის სრული სახელია ალფრედო.

- სპეციალური განათლება გაქვთ მიღებული თუ ნიჭი და ბებიის სკოლაა ყველაფრის წყარო?

- ალბათ, ბებიის სკოლა უფრო შეფასებისას მეხმარება. "ფრედოს" ნახატებს ქმნის ჩვენი მხატვარი ქეთი ნოზაძე, რომელსაც ფერთა შეხამების საოცარი ნიჭი აქვს. ქეთის ნახატებმა ახალი ხაზი შექმნა "ფრედოში" და მრავალფეროვანი გახადა ჩვენი კოლექცია. რაც შეეხება დიზაინს, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ვმუშაობ. ნატურალური ტყავისა და ხის ელემენტებს ნაქარგი და ნახატი ეხამება.

- როდის დაიწყეთ პროდუქციის მასობრივად რეალიზაცია?

- საქმის დაწყებიდან რამდენიმე თვეში. მაღაზიის გახსნის საჭიროება არ დამდგარა. მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან გვიკავშირდებიან სოციალური ქსელის მეშვეობით. პროდუქციასაც იქვე ათვალიერებენ. მეამაყება, როდესაც გავიგებ, რომ ჩემი ჩანთებით თავს იწონებენ.

- რა თანხებად იყიდება თქვენი ნაკეთობები?

- მთავარი კითხვა, რომელსაც მომხმარებელი გვისვამს, ბუნებრივია, ფასს უკავშირდება. ამ დროს სულ კოკო შანელის სიტყვები მახსენდება: "ხელნაკეთი ნივთები ფუფუნებაა. ყველასთვის მათი ფლობა აუცილებელი არ არის. და თუ მაინც გსურთ, იქონიოთ ისინი, ან უნდა გადაუხადოთ ხელოვანს საფასური, ან თავად შექმნათ ისინი..." თუ უფრო კონკრეტულად გიპასუხებთ, ჩვენი ჩანთების ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მასალისგან მზადდება.

- კიდევ რით ხართ დაკავებული?

- დავამთავრე შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტში ხელოვნების მენეჯმენტის ფაკულტეტი, ახლა სეუ-ში ვსწავლობ მაგისტრატურაში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.

- რომელ სფეროში გეგმავთ საქმიანობას?

- მნიშვნელოვან სიახლეებს ვგეგმავთ და იმედია, ჩვენი მონდომება გაამართლებს. პროდუქციის განვითარებასა და დახვეწაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ. შედეგსაც ვხედავთ... "ფრედომ" მე აღმომაჩინა და მასთან ერთად ვცხოვრობ...

ეკა სალაღაია

წყარო: www.kvirispalitra.ge