მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები, სავარაუდოდ, მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის ხელახლა გამოცხადებას იწვევს.
არსებული ინფორმაციით, დაგეგმილი ცვლილებები 7 სამინიტროს ეხება. კონსტიტუციის თანახმად კი, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში, მთავრობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად პარლამენტს წარედგინება.
წინასწარი არაოფიციალური ინფორმაციით, უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო. ის ეკონომიკის სამინისტროს უერთდება, რომელსაც დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.
თანამდებობას ტოვებს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელსაც გიორგი გახარია შეცვლის. ერთ უწყებად ერთიანდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროები, რომელსაც მიხეილ გიორგაძე უხელმძღვანელებს. არაოფიციალური ინფორმაციით, განათლების მინისტრის თანამდებობას ტოვებს ალექსანდრე ჯეჯელავა. ასევე არაოფიციალური ინფორმაციით, დაგეგმილია ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება და მისი საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის შეერთება. ასევე საუბარია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გაუქმებაზე, რომლის ნაწილიც ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო ნაწილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდება. არაოფიციალურად საუბარია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთვის შეერთებაზეც.
კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტმა მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად 1 კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს.