ვიქტორ დოლიძე და კახა კახიშვილი მინისტრის პოსტებს შეინარჩუნებენ

ორი სამთავრობო უწყება - სასჯელაღსრულების სამინისტრო და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ფუნქციონირებას არსებული სახით გააგრძელებს და ცვლილებები ამ ეტაპზე არ შეეხება.

ამის შესახებ მთავრობაში გამართული კონსულტაციებისას შეთანხმდნენ.

თავდაპირველი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეერწყმებოდა, რომელსაც თეა წულუკიანი უხელმძღვანელებდა, კახა კახიშვილი კი ახალი საგამოძიებო სტრუქტურის ხელმძღვანელად უნდა დანიშნულიყო, რომლის შექმნაც მთავრობას დაანონსებული აქვს.

გარდა ამისა, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, უქმდებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და ეს მიმართულება საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა გადასულიყო.