მერსედეს ვერა მარტინი - ფინანსთა მინისტრის რანგში დიმიტრი ქუმსიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით

ჩვენთვის დიდი პატივი იყო ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, როგორც ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პარტნიორთან მუშაობა.

ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დანიშვნის შეფასებისას განაცხადა.

მერსედეს ვერა მარტინის თქმით, სავალუტო ფონდი მოუთმენლად ელის საქმიანობის გაგრძელებას დიმიტრი ქუმსიშვილთან ეკონომიკის მინისტრის რანგში.

„ფინანსთა მინისტრის რანგში ბატონმა ქუმსიშვილმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს ჩართულობისა და თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით, ასევე მთავრობის წვლილის დემონსტრირებით მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და სტრუქტურული რეფორმების საკითხში“, - აღნიშნა მერსედეს ვერა მარტინმა.

მთავრობაში სტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ცვლილებების შედეგად რამდენიმე სამინისტრო გაერთიანდება.

კერძოდ, პრემიერის თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან გაერთიანდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილი ინიშნება, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს და კოორდინაციას გაუწევს ეკონომიკური გუნდის მუშაობას.