„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის შეფასებით, სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებს პოზიტიური და ნეგატიური მხარე აქვს. კაპანაძის აზრით, სრული შეფასებისთვის საჭიროა გაირკვეს რამდენად რეალურია ცვლილებები და რამდენად მიმართულია ის ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე. თუმცა, როგორც კაპანაძე ფეისბუქ-პოსტში აღნიშნავს, მას ეეჭვება, რომ ცვლილებებით რაიმე დადებითი მოხდეს.
„სრული შეფასებისთვის უნდა გავიგოთ რაში დაიხარჯება ის თანხები, რაც გამოთავისუფლდება სამინისტროების შემცირებით. თუ ეს თანხები დაიხარჯა ისევ ბიუროკრატიულ აპარატზე და სამინისტროები კი არ გაუქმდა, არამედ მექანიკურად შეერწყა, მაშინ აზრი არ აქვს ასეთ გაუქმებას. თუ თანხები გამოთავისუფლდა, მაშინ ის მიმართული უნდა იყოს ერთი მხრივ, სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად და მეორე მხრივ, გადასახადების შემცირებით მიღებული დანაკლისის შესავსებად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის. ამას სულ მალე ვნახავთ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არც ერთი მოხდება და არც მეორე“, - წერს კაპანაძე.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის შეფასებით, პოზიტიურია გარკვეული უწყებების გაუქმება, რომელიც აქამდეც გასაუქმებელი იყო.
„პოზიტიური: სპორტის და ახალგაზრდობის, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები ნამდვილად გასაუქმებელი იყო; ჯეჯელავა მინისტრი აღარ იქნება; აღარც უაღრესად სუსტი მღებრიშვილი.
ნეგატიური: ბატონი ბახტაძე, უნდა გვახსოვდეს, რომ ხელმძღვანელობდა ბოლო წლების ყველაზე წარუმატებელ უწყებას - რკინიგზას. მისი ხელძღვანელობის პერიოდში, 2013-2016 წლებში, წინა სამ წელთან შედარებით რკინიგზის მოგება სამჯერაა შემცირებული და 87 მლნ დოლარზეა ჩამოსული. გარდა ამისა, მისი ხელმძღვანელობისას, 2015 წელს რკინიგზამ ზარალი ნახა, რაც უპრეცედენტოა ბოლო წლებში. შესაბამისად, მისი ფინანსთა მინისტრობა რატომ იქნება წარმატებული, ჩემთვის გაუგებარია; სუს-ი ისევ გაძლიერდა, ამჯერად საგარეო დაზვერვის შერწმის შედეგად. არადა, ეს უწყებაა, პირველ რიგში, გასაუქმებელი/შესამცირებელი; ევროპული და ევრო-ატლანტიკური საკითხების სახელმწიფო მინისტრის აპარატის ფუნქცია ევროკავშირისთვის საჭირო შიდა რეფორმების კოორდინაცია იყო. ერთია, ამას თავს რამდენად ართმევდა ეს სამინისტრო და მინისტრი, მაგრამ მეორეა, საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენად არის ის უწყება, რომელიც ასეთ ფუნქციას წარმატებით აიღებს თავის თავზე. შიდა რეფორმებს და საგარეო პოლიტიკას შორის ძალიან დიდი სხვაობაა; ბატონი გახარია, ჩემი აზრით, ერთ-ერთი წარუმატებელი მინისტრი იყო. ახლა მისი შსს-ში გადაყვანა რატომ იქნება მენეჯმენტის კუთხით გარღვევა, სრულიად გაუგებარია“, - აღნიშნავს კაპანაძე.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერისთვის ასევე გაუგებარია რატომ ინარჩუნებს პოსტს იუსტიციის მინისტრი.
„თეა წულუკიანი რა პრინციპით დარჩა თანამდებობაზე? საინტერესოა, რა გააკეთა ამ წლების განმავლობაში ისეთი, რომ არასოდეს არაფერი ეხება“, - წერს კაპანაძე.