გოგი ცუცქირიძე - რაც უფრო ცოტა სამინისტროა და რაც უფრო გაზრდილია მათი ფუნქციები, მით უფრო ეფექტურად მუშაობს მთავრობა

როცა ვსაუბრობთ სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, ერთ-ერთი კომპონენტი მთავრობის ეფექტური მუშაობაა და ამ კუთხით, დაგეგმილი ცვლილებები, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი იქნება , - ამის შესახებ საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ „ინტერპრესნიუსთან“ სამთავრობო ცვლილებების შეფასებისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, დაგეგმილი ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის სარგებელს მოიტანს.

გოგი ცუცქირიძის განმარტებით, რაც უფრო ცოტა სამინისტროა და რაც უფრო გაზრდილია მათი ფუნქციები, მით უფრო ეფექტურად მუშაობს მთავრობა. ასევე ცნობილია, რომ სამთავრობო ხარჯები, რაც უფრო დაბალია და ნაკლებია ბიუროკრატიული ხარჯი, მით უფრო ეფექტურია მთავრობის მუშაობა.

„აქედან გამომდინარე ეს ცვლილებები მხოლოდ დადებითად უნდა შეფასდეს“, - აღნიშნავს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

რაც შეეხება ზოგადად სტრუქტურულ ცვლილებას, გოგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ბუნებრივია, როცა სამინისტროები ერთიანდება, ხდება მათი ფუნქციების გადახალისება.

„დღეს ვხედავთ, რომ ეკონომიკური კომპონენტი ერთი ქოლგის ქვეშ არის და ამას მივესალმები. ეკონომიკური მიმართულება გადაწყვეტილების მიღების, დაგეგმვის, სტიმულირების თვალსაზრისით, პროექტების დაფინანსების თვალსაზრისით, ყოველთვის უმჯობესია ერთი ქოლგის ქვეშ იყოს.

როცა ვსაუბრობთ სწრაფ ეკონომიკურ ზდაზე, ერთ-ერთი კომპონენტი მთავრობის ეფექტური მუშაობაა, ამ კუთხით, დაგეგმილი ცვლილებები მნიშვნელოვანი იქნება. მხოლოდ მისასალმებელი იყო ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ ზოგადად, სტრუქტურული გარდაქმნის თვალსაზრისით, არამედ, ინსტიტუციონალიზაციის თვალსაზრისით და მინდა ამას ხაზი გავუსვა“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ და დასძინა, რომ ეს ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის დადებით სარგებელს მოიტანს.

„ეს ცვლილებები უნდა განვიხილოთ არა მოკლევადიანი, არამედ, გრძელვადიანი პერსპექტივის დადებით პოზიტივად“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი და მთლიან ბლოკს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხოლო აღნიშნული უწყების სპორტის კომპონენტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება. გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.