მამუკა ბახტაძე - „საქართველოს რკინიგზის“ ყველაზე წარმატებული საქმიანობა ფინანსურად 2014-2015 წელი იყო

„საქართველოს რკინიგზის“ ყველაზე წარმატებული საქმიანობა ფინანსურად მის ისტორიაში 2014-2015 წელი იყო , - ასე გამოეხმაურა ფინანსთა ახალი მინისტრი მამუკა ბახტაძე ოპოზიციის ნაწილის კრიტიკას, რომ ბოლო წლებში „საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლები შემცირდა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ყველაზე კარგი ინდიკატორი იმის, თუ როგორ ფუნქციონირებს რკინიგზა, არის მისი ფასიანი ქაღალდების ტრენდი ბირჟაზე.

”როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ბონდები კვოტირებს ლონდონის ბირჟაზე და ის საუკეთესოა პოსტსაბჭოთა სივრცეში. ეს არის პასუხი ამ კითხვაზე“, - განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება იმ კითხვას, რომ „საქართველოს რკინიგზას“ უჩა მამაცაშვილი და ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მართავენ, მამუკა ბახტაძის განცხადებით, „საქართველოს რკინიგზაში“ მოქმედებს კორპორატიული მართვა, არსებობს შესაბამისი ბორდები, რომლებიც უზრუნველყოფს კომპანიის გამჭირვალე კორპორატიულ მმართველობას.

„ვფიქრობ, რომ ამ კუთხით „საქართველოს რკინიგზას“ აქვს საუკეთესო შედეგი“, - განაცხადა ბახტაძემ და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებებით საინტერესოა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შეფასებები.