მამუკა ბახტაძე - ჩვენს პარტნიორებთან 8 ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრი შეთანხმებულია და ეს გეზი გაგრძელდება

ფინანსთა ახალი მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მისი უწყების მთავარი პრიორიტეტი იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრთან შეხვედერისას განაცხადა. როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ფინანსთა სამინისტრო წარმატებული უწყებაა და შესაბამისად, ამ პოსტზე დანიშვნა მისთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა.

„დიდ მადლობას გიცხადებთ გამოცხადებული ნდობისთვის. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ფინანსთა სამინისტრო არის წარმატებული უწყება და შესაბამისად, ეს ჩემთვის ორმაგი პასუხისმგებლობაა. ჩვენს პარტნიორებთან 8 ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრი შეთანხმებულია და ეს გეზი გაგრძელდება. მთავარი პრიორიტეტი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იქნება ნაკლები ბიუროკრატია და მეტი ეფექტურობა. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვექნება ქართულ ბიზნესთან, განსაკუთრებით ფოკუსს გავაკეთებთ საშუალო და მცირე მეწარმეებთან ურთიერთობაზე და ბუნებრივია, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ ფინანსთა სამინისტრო კიდევ უფრო წარმატებული გახდეს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გამოცხადებული ნდობისთვის“, - განაცხადა ბახტაძემ.

თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილი მიესალმა მცირე და საშუალო ბიზნესზე ახალი ფინანსთა მინისტრის ორიენტირებას.

„ნამდვილად კარგია, მცირე და საშუალო ბიზნესი იყოს ჩვენი მთავარი ორიენტირი, ვინაიდან ჩვენმა საქმიანობამ მოიცვას მაქსიმალურად ბევრი ადამიანი და ბევრი ადამიანის ყოფა გააუმჯობესოს. მივესალმები თქვენს ამ მიმართულებას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.