კომპანია „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი მილიარდერი ბილ გეიტსი პერსონალურ ინვესტიციას განახორციელებს ალცჰაიმერის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მისი განცხადებით, 50 მილიონი დოლარის ინვესტირება მოხდება Dementia Discovery Fund-ში, რომელიც ახდენს თანხების აკუმულირებას ტვინის ამ უმძიმესი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლისთვის. შემოწირულობა იქნება გეიტსის პერსონალური შენატანი და არა მისი და მისი მეუღლის ცნობილი ფონდიდან Bill & Melinda Gates Foundation-დან განხორციელებული დონაცია. რაც შეეხება მეორე 50 მილიონს, ბილ გეიტსი მის ინვესტირებას უკვე უშუალოდ ამ დაავადების წინააღმდეგ სტარტაპის მიმართულებით განახორციელებს.
„ეს არის უზარმაზარი პრობლემა, მზარდი პრობლემა და ნამდვილი ტრაგედია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამით ცხოვრებას აგრძელებენ“, - განაცხადა მან.
მიუხედავად ათწლეულების განმავლობაში ამ პრობლემაზე მუშაობისა, მეცნიერებმა ალცჰაიმერს ვერაფერი დაუპირისპირეს, უახლესი მედიკამენტების საშუალებით მხოლოდ მისი სიმპტომების შემსუბუქებაა შესაძლებელი, თუმცა მიუხედავად ამისა, გეიტსი ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, რომ ამას მომდევნო ათწლეულიც რომ დასჭირდეს პრობლემა, მოგვარებადი გახდება.
ამერიკელი ფილანტროპის განცხადებით, ეს დაავადება შეეხო მისი ოჯახის ერთ-ერთ წევრსაც. თუმცა ბილ გეიტსის თქმით, ეს არ გამხდარა ამ დაავადების წინააღმდეგ ინვესტირების მიზეზი.
ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით ალცჰაიმერის დაავადებით 50 მილიონი ადამიანი ირიცხება. 2050 წლისთვის კი მათი რაოდენობა 131 მილიონს მიაღწევს.
კოკა კვირკველია