სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ზამთარში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის აქტიური მეთოდები არ გატარდება.
მინისტრის განმარტებით, მიზეზი ის არის, რომ მავნებელი ამ სეზონზე მიძინებულია. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, სამინისტრო გაერთიანებული მენეჯმენტის პირობებში მავნებელთან ბრძოლისთვის ღონისძიებების გასატარებლად ზამთარში მეტად მოემზადება.
"როგორც იცით, მავნებელი ახლა მიძინებულია. შესაბამისად, მასთან აქტიური ბრძოლა ვერ მოხდება ზამთრის პერიოდში, თუმცა ჩვენთვის ეს არის, ალბათ, ყველაზე უფრო დაკავებული პერიოდი, რადგან მთელი რიგი ღონისძიებების მომზადება მოხდება ზუსტად ამ პერიოდში, მათ შორის, ფიტოსანიტარული სამსახურის გაძლიერება. ამ შემთხვევაში, ლოგიკურიცაა, როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ მავნებელზე, რომელიც წარმოადგენს მცენარეებისთვის რისკს, მცენარეთა დაცვა ერთიან კომპლექსში უნდა წარმოვიდგინოთ, იგივე სატყეო სივრცეებში და ამ გაერთიანებული მენეჯმენტის პირობებში, ასეთი ტიპის ღონისძიებების გატარება გაადვილებული იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.