"პალიტრა მედია ჰოლდინგი" ისტორიების წერას იწყებს, რომელსაც აქამდე დღის სინათლე არ უნახავთ. ჩვენ ამ დრომდე გასაიდუმლოებულ დოკუმენტურ მასალებს გაგიმხელთ. საზოგადოება "კვირის პალიტრის" ფურცლებიდან გასული საუკუნის 30-იანი წლების უმძიმეს ისტორიებს ამოიკითხავს. გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ "ხალხის მტრად" მიიჩნია... სტატიის სატელევიზიო ვერსიას, მაყურებელი "პალიტრანიუსზე" ყოველ შაბათს, გადაცემათა ციკლში "ტყვიის საფასური" ნახავს.
1921 წლის მარტში საქართველოს საგანგებო კომისიის ("ჩეკა") პრეზიდიუმის ბრძანებულებით შეიქმნა სააღრიცხვო-საარქივო განყოფილება, რომელსაც დაევალა საგანგებო კომისიის მიერ გამოვლენილი ქვეყნის უამრავი "მტრისა" და "საშიში ელემენტის" შესახებ მაკომპრომეტირებელი მასალების თავმოყრა და შენახვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყოფილი უშიშროების არქივი საერთო ჯამში 230 000 საქმის ერთეულს აერთიანებს... თითქმის ერთ საუკუნოვან გასაიდუმლოვებულ საქმეებს გრიფი მოეხსნა.
არქივის პირველი საქმე
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული პირველი ცნობები 1921 წლის 30 მარტით თარიღდება და ძმებ მირიანაშვილების საქმედაა წოდებული. ორ ტომად აკინძული დოკუმენტური მასალა, ასობით გაყვითლებულ, რუსულ ენოვან ბეჭდურ და ხელნაწერ ფურცელს მოიცავს. საქმე N1 ძმებ მირიანაშვილებთან ერთად მთლიანობაში 19 ვაჭრის სასჯელს აერთიანებს. მათ ბრალი საკვები პროდუქტის გადამალვაში დასდეს. განსასჯელებიდან ოთხს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიესაჯა. განაჩენი სისრულეში მეორე დღესვე იქნა მოყვანილი.საქართველოს საგანგებო კომიის დადგენილება: "1921 წლის 22 მარტს, ჩეკას მიერ გამოცემულ იქნა ბრძანება N2, რომლის მიხედვითაც, ყველა ვაჭარი ვალდებული იყო სამი დღის ვადაში საწყობებიდან გამოეტანა საქონელი დუქნებსა თუ მაღაზიებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურჩი მოვაჭრეები მიეცემოდნენ პასუხისგებაში რევოლუციური დროის კანონის შესაბამისად, სასჯელის უმაღლესი ზომით - დახვრეტა, ხოლო მათი ქონება დაექვემდებარებოდა კონფისკაციას. საქართველოს ჩეკა იდგა რა, მშრომელი ხალხის სადარაჯოზე. ამიტომ, მსხვილ მოვაჭრეებთან ა/წლის 27 მარტს დილიდანვე ჩატარდა კანონიერი ჩხრეკა".
ე.წ. "სალდათის ბაზარზე" მოვაჭრე მირიანაშვილების ღვინის სარდაფი აღმოჩინეს, სახლში კი გადანახული პროდუქტები. მათი სახლი ყოფილი ბაგრატიონის N14-ში ახლაც დგას... საქართელოს საგანგებო კომისიის დადგენილება: "ბაგრატიონის ქუჩაზე სახლის სარდაფში ჩეკას მიერ ნაპოვნია: 35 ფუთი მარილი, 12 ფუთი ღორის ქონი, 7 ფუთი ყველი, 12 ფუთი ღორის ჯაგარი, 50 შეკვრა ეკლიანი მავთული, დაახლოებით 8 ვედრო ღვინო. ხოლო სახლში მირიანაშვილებს გადამალული ჰქონდათ ერთი წყვილი ახალი საუწყებო ზამთრის ფეხსაცმელი, 40 რუბლი და 40 კაპიკი, ვერცხლის ფული. ასევე, ერთი ახალი პორთფელი. ზემოთ ჩამოთვლილი საქონელი აღწერილი და დალუქულია ჩეკას კომისრის, ამხანაგ ევენროვის მიერ."
სამივე ძმა დააპატიმრეს. რაჟდენი 52 წლის იყო, გიორგი 45-ის, ლევანი 39-ის. მირიანაშვილებმა განმარტეს, რომ ჩხრეკისას მათთან აღმოჩენილი პროდუქტები და სხვა ნივთები გადანახული ჰქონდათ მათი 25 წევრიანი ოჯახის საჭიროებებისთვის და არა სპეკულაციისთვის.
ომარ თუშურაშვილი, შსს-ს არქივის დირექტორი: "მირიანაშვილების ოჯახის განაჩენი უმიზეზო მიზეზი იყო და მეტი არაფერი. რაჟდენისა და სხვა მოვაჭრეების დახვრეტის პრეცენდენტით, მოსახლეობაში შიშს ჩაუყარეს საფუძველი. 1921 წელს, საქართველოში შემოსულმა ბოლშევიკურმა მთავრობამ, პირველსავე დღეებში, სისხლიანი რეპრესიები დაიწყო"
საქართელოს საგანგებო კომიის დადგენილება: "სამი ძმა მირიანაშვილები ცხოვრობენ ერთად, აქვთ კახეთში საკუთარი ვენახები, ორი წისქვილი, რომლებიც უკვე ნაციონალიზაციას დაექვემდებარა და ტიფლისში საკუთარი სახლები, ღვინის და სხვა საქონლის კიდევ ორი საწყობი და სასადილო. ვაჭრობა ფართო მასშტაბებზე ჰქონდათ აწყობილი, მაგრამ საქართველოს გასაბჭოების დროიდან მათი ვაჭრობა შემცირდა ან საერთოდ, შეწყდა. თუმცა, ამ გარემოებებით არ შეიძლება აიხსნას მათი ქცევა გადამალული პროდუქტებით. აღმოჩენილი საქონელი შესაძლოა, მართლაც სჭირდებოდათ მათი დიდი ოჯახისთვის, მაგრამ ჩხრეკისას ამოღებული ჯაგარი ამ მოსაზრებას აბათილებს. მიმაჩნია, რომ მათ ბრალი უნდა დაედოთ გასაბჭოების შემდეგ, შეწყვეტილი ვაჭრობის გამო. ქონება კი უნდა იქნეს ჩამორთმეული".
გადმოცემის თანახმად, რაჟდენ მირიანაშვილი ჩეკისტებმა უნივერსიტეტის ეზოში დახვრიტეს. გადარჩენილ ძმებს უბრძანეს, რაჟდენის გვამთან სურათი გადაეღოთ. ეს ფოტო გააკრეს უბნის ყველა ჭიშკარზე. კომუნისტები ამ კამპანიას "ხალხის მტრის"დაუნდობლობით ხსნიდნენ. რეალურად კი, პირველი ქართველის სამაგალითო დასჯით, შიშის რეჟიმის გამეფებას უყრიდნენ საფუძველს...
ძმებ მირიანაშვილების მსგავსად, ჩეკას მძიმე ხვედრი გაიზიარეს ძმებმა ნაუმენკოებმა, ბეგზადოვებმა, ნოვოსელცევებმა და აკოპჯანოვებმა... ამ ადამიანების უმკაცრესად და უმიზეზოდ დასჯის გადაწყვეტილება მიიღეს კოლეგიის წევრებმა: თავმჯომარე ცინცაძემ, ნოვიცკიმ, წივწივაძემ და მდივანმა იაშვილმა. რატომ დახვრიტეს სამი ძმიდან რადჟენ მირიანაშვილი, ამ კითხვას საარქივო მასალა ვერ პასუხობს... მის შთამომავალს კი ასეთი ვერსია აქვს.
საშა მირიანაშვილი, რაჟდენ მირიანაშვილის შთამომავალი: "მე რაჟდენის ძმის, გიორგის შთამომავალი გახლავართ. მამაჩემისგან ვიცი, რომ ჩვენი წინაპრები, წარმოშობით ქიზიყიდან, სოფელ ანაგიდან იყვნენ. იქ ჰქონდათ მამულები, წარმატებული ვაჭრები გახლდნენ და კომუნისტების შემოსვლისთანავე, ქონება ჩამოართვეს, ხოლო ერთ-ერთი ძმა, რაჟდენი დახვრიტეს. გადმოცემით ვიცი, რომ რაჟდენი სახელმწიფო სამსახურში იყო, მაშინდელ ვაჭრობის პალატაში მუშაობდა. მასთან ერთად მის ძმებსაც უპირებდნენ დახვრეტას, თუმცა მამა ამბობდა, რომ ლევანს და გიორგის ნაცნობები ჰყავდათ კომუნისტურ პარტიაში და სწორედ მათ გადაარჩინეს სასჯელის უმაღლეს ზომას... რაჟდენს ორი შვილი, თამარი და მიხეილი ჰყავდა. მიხეილი ომში დაიღუპა, თამარს ჰყავდა ერთი ვაჟი, რომელიც 90-იან წლებში ტრაგიკულად დაიღუპა. მას ცოლად ჰყავდა ბერძენი ქალბატონი, რომელთანაც სამი შვილი გაუჩნდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ბერძენმა ქალბატონმა თბილისში სახლი გაყიდა და შვილებთან ერთად საბერძნეთში გადავიდა საცხოვრებლად. დანარჩენი ძმების შთამომავლები საქართველოში ვართ..." იხილეთ გაგრძელება