რა თანხაა გათვალისწინებული სამინისტროებისთვის 2018 წლის ბიუჯეტში

მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შედეგად 18 სამინისტროდან 14 უწყება დარჩება.

4 სამინისტრო – ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სხვა უწყებებს უერთდება.

მთავრობაში დაგეგმილ ცვლილებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცვლილებების ერთ-ერთ მიზეზად პრემიერმა მაქსიმალური ოპტიმიზაცია და ბიუროკრატიის შემცირება დაასახელა. ჯერჯერობით უცნობია, აღნიშნული ცვლილებები რამდენად მნიშვნელოვნად დაზოგავს საბიუჯეტო თანხებს, თუმცა „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ რა ოდენობის თანხა იყო გამოყოფილი თითოეული სამინისტროსთვის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად.

ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებაზე 1 მილიარდ 181 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მათ შორის შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილია 20 მილიონ 666 ათასი ლარი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის გამოყოფილია 251,350 მილიონი ლარი, აქედან შრომის ანაზღაურებაზე გათვალისწინებულია - 12,945 მილიონი ლარი.

თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 702 მილიონი ლარი, საიდანაც 379,899 მილიონი ლარი გამოყოფილია შრომის ანაზღაურებაზე;

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის გამოყოფილია 1 მილიარდ 832 მილიონი ლარი, მათ შორის შრომის ანაზღაურებაზე 8,613 მილიონი ლარია გათვალისწინებული;

ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 3 მილიარდ 528 მილიონ ლარს. აღნიშნული თანხის ფარგლებში სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 465.9 მილიონი ლარი, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 983.6 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული, შრომის ანაზღაურებაზე კი - 30,331 მილიონი ლარია გამოყოფილი;

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 276 მილიონი ლარი, აქედან 22,091 მილიონი ლარი შრომის ანაზღაურებაზეა გათვალისწინებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 605 მილიონი ლარი, მათ შორის 20.0 მილიონი ლარი გათვალისწინებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შესყიდვისთვის, 390,8 მილიონი კი შრომის ანაზღაურებაზეა გამოყოფილი.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 145 მილიონი ლარი, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე - 65,335 მილიონი ლარია გამოყოფილი;

ენერგეტიკის სამინისტროსათვის გამოყოფილია 131 მილიონი ლარი, უწყებაში შრომის ანაზღაურებაზე 2,6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 118 მილიონი ლარი, აქედან 7,964 მილიონი ლარი შრომის ანაზღაურებისთვისაა გამოყოფილი.

კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 131 მილიონი ლარი, საიდანაც 56,440 მილიონი ლარი გამოყოფილია უწყებაში შრომის ანაზღაურებაზე.

იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილია 62 მილიონი ლარი, აქედან შრომის ანაზღაურებაზე 35,295 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტროსთვის გამოყოფილია 96 მილიონი ლარი, საიდანაც 4,343 მილიონი ლარი გათვალისწინებულია შრომის ანაზღაურებაზე.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოყოფილია 168.7 მილიონი ლარი, აქედან 4,215 მილიონი ლარი გათვალისწინებულია შრომის ანაზღაურებაზე.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 45,975 მილიონი ლარი, საიდანაც შრომის ანაზღაურებაზე გამოყოფილია - 21,521 მილიონი ლარი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 82.3 მილიონ ლარს, აქედან 54,365 მილიონი ლარი შრომის ანაზღაურებაზეა გათვალისწინებული.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსება შეადგენს 1,250 მილიონ ლარს, აქედან 700 ათასი ლარი შრომის ანაზღაურებისთვისაა გათვალისწინებული.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დაფინანსებაზე კი 2,950 მილიონი ლარია გათვალისწინებული, აქედან 1,510 მილიონი ლარი შრომის ანაზღაურებაზეა გამოყოფილი.