კეთდება გრაფიკი, რომლის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას ტექნიკური ინსპექტირების გავლა მოუწევს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩერქეზიშვილმა განუცხადა.
აქვე ჩერქეზიშვილმა განმარტება გააკეთა ”საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონის გარდამავალი დებულებებიდან იმ მუხლის ამოღების შესახებ, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე ექსპლუატაციაში არსებული და რეგისტრირებული ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება ახალი წლიდან სავალდებულო ტექდათვალიერებას ექვემდებარება.
”ჩვენ ვაცხადებთ, რომ 2018 წლის 1-ელი იანვრიდან რეფორმა იწყება და მომდევნო 2 წლის განმავლობაში ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარება. დღეს არსებობენ ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთაც ტექნიკური ინსპექტირების გავლა წელიწადში ორჯერ უწევთ, რაც მისი მახასიათებლებიდან გამომდინარეობს. აღნიშნული მუხლის კანონიდან ამოღება გამოწვეულია იმით, რომ მთავრობამ უნდა განიხილოს ტექნიკური რეგლამენტი, როგორც ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისათვის და იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე თვითონ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის. აღნიშნული ჩანაწერის კანონში დატოვება გამოიწვევევდა იმას, რომ მეორე დღესვე ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება იქნებოდა დაჯარიმებული. აღნიშნული ნორმის დატოვება ნიშნავს იმას, რომ 1 200 000 ავტოსატრანსპორტო საშუალება 1-ელი იანვრისათვის ინსპექტირებაზე უნდა მიიყვანონ. კეთდება გრაფიკი, რომლის მიხედვით 2 წლის განმავლობაში ყველას მოუწევს ტექნიკური ინსპექტირების გავლა”, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ჩერქეზიშვილმა.