არჩევნების შემდეგ ლარის გაუფასურება დაიწყო, იყო რამდენიმედღიანი პერიოდი, როცა ასე თუ ისე დასტაბილურდა, თუმცა შემდეგ ისევ გააგრძელა გაუფასურება , - ამის შესახებ ექსპერტმა გიორგი პაპავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
მისივე თქმით, გაუფასურება დიდწილად დაკავშირებულია იმ მოლოდინებთან, რომელიც ეკონომიკაში არსებობს.
„თვითონ ფუნდამენტურ ფაქტორებში, იქნება ეს ექსპორტის ზრდა თუ ტურიზმი, რაიმე განსაკუთრებული გაუარესება არ გვაქვს. ერთადერთი, რა მონაცემიც არ გვაქვს, ეს არის უცხოური ინვესტიციები. თეორიულად, შეიძლება აქ რაღაც გაუარესებას ჰქონდეს ადგილი. ამ ფაქტორებისა და მოლოდინების გარდა, რაიმე ფუნდამენტური ფაქტორის გამოყოფა, თუ რატომ უფასურდება ლარი, ჩემთვის უცნობია.
მოლოდინებს რაც შეეხება, ერთ-ერთის მიხედვით, კერძო სექტორში არსებობდა მოლოდინი, რომ არჩევნებამდე ლარი არ გაუფასურდებოდა, რაც ბუნებრივად გადაითარგმნა იმაში, რომ მათ არჩევნებამდე არ შეიძინეს დოლარი, გამოიყენეს ლარი თავიანთი ოპერაციებისთვის და შესაძლებელია, ამას ზეწოლა ჰქონოდა ლარის კურსზე. გარდა ამისა, სამწუხაროდ, ბოლო წლებში გაჩნდა მოლოდინი, რომ წლის ბოლოს რატომღაც ლარი უნდა უფასურდებოდეს. ამის ფუნდამენტური მიზეზი არ არსებობს, თუმცა, თუ საკმარისად ბევრ ადამიანს სჯერა, რომ ეს ასეა, ისინი ამ მოლოდინზე მოქმედებენ და ეს შეიძლება, გარკვეულწილად წნეხს ახორციელებდეს ლარის კურსზე“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.