„ლარის კურსთან დაკავშირებით პრობლემა დედოლარიზაციის კომპონენტში უნდა ვეძებოთ“

ვფიქრობ პრობლემა ფულის ნაკადების მართვაში, კერძოდ, დედოლარიზაციის კომპონენტში უნდა ვეძებოთ.

ამის შესახებ, ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეროვნული ვალუტის გაუფასურების შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობ, პრობლემა ფულის ნაკადების მართვაში, კერძოდ, დედოლარიზაციის კომპონენტში უნდა ვეძებოთ. ამ მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, თუმცა ერთი ნაწილია დაკლებული. კერძოდ, სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაცია დედოლარიზაციასთან დაკავშირებით არის ის, რომ დედოლარიზაცია ეროვნული ვალუტის ნდობის გამტკიცების ფონზე უნდა მიმდინარეობდეს. რაც გულისხმობს კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში მოზიდულ ანაბრებზე სავალდებულო რეზერვების დედოლარიზაციას. კომერციულ ბანკებს დღეს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეზერვის სახით დაახლოებით, 1 მილიარდი დოლარი აქვთ. ამ თანხის გალარება ლარის მასის ამოღებას, დოლარის მიწოდებას და შესაბამისად კურსის გამყარებას გამოიწვევს. ამასთან, ამ პროცესის შედეგად თავიდან ავიცილებთ როგორც ლარის მკვეთრ გამყარებას, ასევე მკვეთრ გაუფასურებას,“-განაცხადა დუნდუამ.

ეროვნული ბანკის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6830 ლარი შეადგინა. შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0292 ლარით გაუფასურდა. რაც შეეხება ევროს, მისი ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.1437 ლარია.