საარჩევნო კომისიებში დასაქმებული პენსიონერები, ხელფასთან ერთად პენსიას ვეღარ მიიღებენ

კანონის თანახმად, საჯარო სამსახურში დასაქმებულ საპენსიო ასაკის ადამიანებს, რომლებიც იღებენ ხელფასს, არ აქვთ უფლება, აიღონ პენსია.

ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, კერძო სექტორში მომუშავე პენსიონერებს შეუძლიათ, აიღონ როგორც პენსია, ასევე დასაქმდნენ სხვაგანაც, აიღონ ხელფასი, თუმცა თუ მათ მუშაობა დაიწყეს საარჩევნო კომისიაში, ეს უკვე საჯარო სამსახურია და ასეთ შემთხვევაში მათ პენსია გაუჩერდებათ.

რაც შეეხება სოციალურად დაუცველ პირებს, დავით სერგეენკოს განმარტებით, არსებული კანონმდებლობით, რომელიც ძალაშია 2010 წლის შემდეგ, როდესაც სოციალურად დაუცველებს გაუჩნდებათ ახალი შემოსავალი, თუნდაც საარჩევნო კომისიაში დროებითი სამსახური, მათ უნდა მოხსნოდათ სოციალური დახმარება, თუმცა, მთავრობის დადგენილებით, მათზე ვრცელდება მორატორიუმი და აღნიშნულ პირებს არ ეხსნებათ სოციალური დახმარება.

გარდა ამისა, როგორც დავით სერგეენკომ განმარტა, წინასაარჩევნო პერიოდში კანონით რაიმე საკანონმდებლო ინიციატივა იკრძალება, რომელიც ახალი თანხების მობილიზაციასთან არის დაკავშირებული.

2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს პენსიორებზე ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ მოქმედებდა.