„ლამბორგინიმ“ რომის პაპს Huracan-ი აჩუქა

იტალიურმა კომპანია „ლამბორგინიმ“ რომის პაპ ფრანცისკეს Huracan-ის მოდელის სპორტული ავტომობილის უნიკალური ეგზემპლარი აჩუქა.

რომის პაპმა საჩუქარი კომპანიის ხელმძღვანელობისგან მიიღო და მანქანის კაპოტზე მარკერით საკუთარი ავტოგრაფი დატოვა.

იტალიური ავტომობილი „სოტბის“ აუქციონზე გაიყიდება, შემოსული ფული კი სამი საქველმოქმედო პროექტის რეალიზებას მოხმარდება.

Lamborghini Huracan-ი ჟენევის ავტოსალონზე 2014 წლის მარტში წარადგინეს. საბაზო კომპლექტაციაში ამ ავტომობილის ფასი 200 ათას დოლარს აღწევს, მაგრამ რომის პაპს სპეციალური კომპლექტაციის უნიკალური ეგზემპლარი აჩუქეს.

ეს პაპ ფრანცისკესთვის სატრანსპორტო საშუალების ჩუქების პირველი შემთხვევა არ არის. 2014 წელს პონტიფიკეს Harley-Davidson-ის მოტოციკლეტი აჩუქეს, რომელიც შემდეგ აუქციონზე 240 ათას ევროდ გაიყიდა.