საქართველოში საწვავის ფასი ბოლო წლების მაქსიმალურ ნიშნულს მიუახლოვდა.
ამის საილუსტრაციოდ ორი მსხვილი კომპანიის ფასებს მოვიშველიებთ: 15 ნოემბრის მდგომარეობით, „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელში 1 ლიტრი „სუპერი“ 2.43 ლარი ღირდა, „პრემიუმი“ – 2.29 ლარი, „რეგულარი“ – 2.17 ლარი, „ევრო- დიზელი“ – 2.19 ლარი, „დიზელი“ – 2.10 ლარი, გაზი – 1.44 ლარი, ხოლო „გალფის“ ქსელში: „სუპერი“ – 2.45 ლარი, „G-Force პრემიუმი“ –2.29 ლარი, „G-Force ევრო რეგულარი“ – 2.23 ლარი, „რეგულარი“ – 2.17 ლარი, „ევრო დიზელი“ – 2.25 ლარი, „დიზელი“ – 2.15 ლარი, გაზი – 1.45 ლარი. საყურადღებოა ისიც, რომ გაძვირებასთან ერთად, საქართველოში საწვავის მოხმარებაც შემცირდა.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, ოქტომბრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 97,1 ათასი ტონა, რაც 12,4 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელზე. ასევე, 18,5 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.
„ამ ყველაფრის მიზეზი, პირველ რიგში, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის სწრაფი გაძვირებაა. 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ უკვე მიაღწია 64 დოლარს, რაც ბოლო 28-თვიანი მაქსიმუმია. ბოლოს ამ ნიშნულზე ბარელი ნავთობის ფასი 2015 წლის ივნისში იყო. მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციამ, საქართველოზე მეტად უარყოფითად იმოქმედა. კერძოდ, ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში გაძვირდა „რეგულარის“ ტიპის ბენზინისა და დიზელის საწვავი: ევრო დიზელის საწვავის ფასი საშუალოდ 6-11 თეთრით გაიზარდა, ხოლო რეგულარის ტიპის ბენზინისა - 5-10 თეთრით ერთ ლიტრზე“ - აღნიშნა მან „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის ფასი პერმანენტულად იზრდება და დღეისათვის ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 62.21 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა - 55.70 დოლარი/ბარელზე.
"ნავთობის ფასის ზრდა ძირითადად განპირობებულია „ოპეკი +“-ის წევრთა მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმებით. ცნობილია, რომ 2016 წლის ბოლოს ოპეკის წევრმა და რამდენიმე არაწევრმა ქვეყანამ მიიღო გადაწყვეტილება ნავთობის ყოველდღიური მოპოვების კვოტების 1,8 მლნ ბარელით შემცირებაზე. აღნიშნული შეთანხმება დაიდო 2017 წლის პირველი 6 თვის ვადით და მისი შესაძლო გაგრძელების პერსპექტივით. 2017 წლის მაისში ის გაგრძელდა კიდევ 9 თვით - 2018 წლის მარტის ბოლომდე. ამა წლის 30 ნოემბერს ვენაში დაგეგმილია „ოპეკი +“-ის მორიგი შეხვედრა, სადაც სავარაუდოდ, ამ შეთანხმების გაგრძელების საკითხს განიხილავენ. რაც შეეხება ნავთობის ფასის სამომავლო პროგნოზს, ის საკმაოდ ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია", - აღნიშნავს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე.
ვანო მთვრალაშვილი ქართულ ბაზარზე საწვავის გაძვირებას ლარის გაუფასურებითაც ხსნის:
-ამ პროცესში ძალიან დიდი როლი შეასრულა ლარის გაუფასურებამ. შედარებისთვის: ოქტომბრის დასაწყისში 1 დოლარი 2,4764 ლარი ღირდა, ხოლო დღეისათვის - 2,6830 ლარი ღირს. საერთაშორისო ფასის ზრდისა და ლარის გაუფასურების პირობებში საწვავის ფასი საქართველოს საცალო ქსელში მნიშვნელოვნად გაძვირდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საწვავის იმპორტი და მოხმარებაც მცირედით შემცირებულია, თუმცა წინა წლებთან შედარებით მაინც მაღალია. 2017 წლის ბოლომდე კიდევ 2 თვე დარჩა და სრულყოფილი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება.
ანალიტიკოსი ბექა კემულარია ქართულ ბაზარზე საწვავის გაძვირებას და მისი მოხმარების შემცირებას რამდენიმე მიზეზით ხსნის.
"აშკარაა, რომ „შავი ოქროს“ მოხმარება საქართველოში შემცირდა. პირველ მიზეზად დავასახელებდი იმას, რომ ბენზინს და დიზელის საწვავს გამოუჩნდა სერიოზული კონკურენტი და საუკეთესო ალტერნატივა თხევადი გაზის სახით, რომელიც გაცილებით იაფი ღირს და ავტომობილის ძრავსაც კარგად ინახავს. ადრე თხევადი გაზის იმპორტი მხოლოდ ერთ კომპანიაზე - „სოკარზე“ იყო დამოკიდებული და ამ ბაზარზე გაჭაჭანება სხვას არ შეეძლო. ამიტომ, თხევადი გაზი 1,70 ლარი ღირდა მანამ, სანამ ხელისუფლება შეიცვლებოდა. ეს პროდუქტი დასავლეთის ქვეყნებში დიდი წარმატებით სარგებლობს, განსაკუთრებით იტალიაში, რადგან ის ძრავს ბენზინზე უკეთესად ინახავს. გარდა ამისა, იმატა ელექტრო და ჰიბრიდულძრავიანმა ავტომობილებმა, რომლებიც ნაკლებ საწვავს მოიხმარენ. ამასთან ერთად, საწვავის ფასი იმ ნიშნულამდე ავიდა, როცა მომხმარებელი ფიქრობს, რაც შეიძლება ნაკლები დანახარჯი ჰქონდეს, ამიტომ, ბევრი ცდილობს, რომ თხევადი გაზი გამოიყენოს და ჰიბრიდულძრავიანი ავტომობილი ჰქონდეს", - ამბობს ბექა კემულარია.
ბექა კემულარიას
შეფასებით, ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიების ხუთეული კვლავ იკავებს ქართული ბაზრის დიდ ნაწილს."სოკარი“, „ვისოლი“, „ლუკოილი“, „რომპეტროლი“ და „გალფი“ - ეს კომპანიები დღესაც აკონტროლებენ საწვავის ბაზარს საქართველოში, არადა, ბაზარზე შედარებით მცირე კომპანიებიც გამოჩნდნენ, რომლებიც საწვავს 20-30 თეთრით იაფად ყიდიან. თუ მომხმარებელს არ სურს საწვავი იაფად შეიძინოს, მაშინ პრეტენზიებიც არ უნდა ჰქონდეს ამ კომპანიების მიმართ. მით უმეტეს, რომ საწვავის ხარისხი ყველგან ერთნაირია. მიუხედავად გაბერილი ფასებისა და მომხმარებლის მოტყუებისა, ხალხი საწვავს ამ კომპანიებისაგან მაინც ყიდულობს. ალბათ ისინი თავადაც დაიწყებენ თხევადი გაზის რეალიზაციას და ეს კარგია, რადგან ამ ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია დაიწყება. კარგია ისიც, რომ თხევადი აირის ბაზარს ხელისუფლებასთან დაახლოებული კლანი არ მართავს და ამ ბიზნესს კეზერაშვილებს და მისთანებს პოდნოსით არავინ მიართმევს. მიუხედავად მოხმარების შემცირებისა, ნავთობპროდუქტების ბიზნესი კიდევ დიდხანს იქნება ძალაში, რადგან ჩვენს მოსახლეობას არა აქვს საშუალება, რომ ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები მასობრივად შეიძინოს“, - აცხადებს ბექა კემულარია.
ხათუნა ჩიგოგიძე