ევროკავშირის ქვეყნები უახლოეს ორ წელიწადში აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან 34 ათასი მიგრანტის მიღებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები უახლოეს ორ წელიწადში აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან 34 ათასი მიგრანტის მიღებაზე შეთანხმდნენ.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპოლუსმა განაცხადა.

მანამდე მიღებული ორწლიანი გეგმის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში მისაღები მიგრანტების რიცხვი 50 ათასს შეადგენდა.

მიგრანტების მიმღები ქვეყნები თითოეული მიგრანტის შენახვისთვის 10 000 ევროს მიიღებენ. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობაზე თანხმობა ჯერ გერმანიას არ მიუცია, სადაც მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ევროკავშირმა პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთი იმ შესაძლო ზომების შესახებ გააფრთხილა, რომლებიც მიგრანტების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში განხორციელდება.