საქართველოსა და ბრაზილიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას მოეწერა ხელი.
თანამშრომლობის შეთანხმებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალოუნსიო ნუმეს ფერეირამ მოაწერეს ხელი. ხელმოწერის შემდეგ მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ორი ქვეყნის დიპლომატებმა ტურიზმის მიმართულებით სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
როგორც მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, აღნიშნული შეთანხმება კარგი შესაძლებობაა ტურისტული ნაკადების გასაძლიერებლად.
„ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე. მომავალ წელს განხორციელდება განათლების სფეროში მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, ასევე ვისაუბრეთ საკანონმდებლო ბაზის სრულყოფასა და თანამშრომლობაზე, რაც ბიზნესს კიდევ უფრო მეტ შესაძლებობას მისცემს. ჩვენ ასევე ვაფასებთ ბრაზილიის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
„აღნიშნული ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ეხება მეგობრობის გაღრმავებას. აუცილებელია ტურიზმის განვითარება, რათა მოხდეს კულტურის გაცვლა. საქართველომ საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია რეფორმების კუთხით, მაგალითად, როგორიც არის ელექტრონული სერვისების მიღების კუთხით. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში თქვენთან შედარებით ბიუროკრატია საკმაოდ მძიმედ არის და ბევრ პრობლემას ქმნის. ჩვენ ასევე ვითანამშრომლებთ ერთმანეთთან მეტი ინვესტიციების კუთხითაც და საქართველოში ჩამოვლენ ბრაზილიელი ბიზნესმენები. ბრაზილია კიდევ ერთხელ აფიქსირებს პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, - განაცხადა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალოუნსიო ნუმეს ფერეირამ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. ასევე ნუმეს ფერეირა პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს და მემორიალს გვირგვინით შეამკობს.