”არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ”განვითარების ბანკი” მოემსახურება პოლიტიკოსების პირად ამოცანებს”

ახალგაზრდა ეკონომისტები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ გააუქმოს საქართველოს განვითარების ბანკის შექმნის ინიციატივა.

”მივიჩნევთ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნითაა დაგეგმილი ამ ბანკის შექმნა, მისი არსებობა გაუმართლებელია და იგი გამოიწვევს ფინანსური ბაზრების განვითარების შეფერხებას და უარყოფითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე შემდეგი ძირითადი მიზეზებით:

თუ აღნიშნული ბანკი იმუშავებს სოციალური მანდატით და კონცენტრაციას მოახდენს მაღალ რისკიან და დაბალ შემოსავლიან პროექტებზე, მას მოუწევს ხშირი რეკაპიტალიზაცია და მომავალში დაიწყებს უფრო მომგებიან პროექტებზე მუშაობას, რითაც იგი კონკურენციას გაუწევს კერძო ბანკებს, რაც უარყოფითად აისახება საფინანსო სექტორის განვითარებაზე;

არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ბანკი არ იმუშავებს ეფექტიანად და მოემსახურება პოლიტიკოსების პირად ამოცანებს”, -ნათქვამია ახალგაზრდა ეკონომისტთა განცხადებაში.

ახალგაზრდა ეკონომისტები ”საქართველოს განვითარების ბანკის შესახებ” კანონპროექტში არსებულ მთელ რიგ ნაკლოვანებებზე საუბარობენ. ”მაგალითად, კანონპროექტის მიხედვით, განვითარების ბანკის მიზნებად სახელდება: ”ბაზრის ჩავარდის გამოსავლენად ეკონომიკის ცალკეული სექტორების ანალიზი, კერძო საფინანსო ინტიტუტებისთვის ნაკლებად მიმზიდველ და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან სფეროებში ფინანსური წვდომის უზრუნველსაყოფად”. ”გაუგებარია რა ჩავარდენების ანალიზი უნდა გაკეთდეს? რა მეთოდოლოგიით? განვითარების ბანკის სწორედ ეს მიზანი იქნება ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც მუდმივად კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ვიწრო ინტერესების ზეწოლის ქვეშ იქნება. ასევე განვითარების ბანკის მიზნად სახელდება: ”შეფერხებული და მიმდინარე პროექტების დასრულებისათვის ხელის შეწყობა”. გაუგებარია რა პროექტებზეა საუბარი? არ არის სასურველი სახელმწიფოს მიერ არაეფექტიანი კერძო/სახელმწიფო პროექტების დაფინანსება. განვითარების ბანკს აქვს სხვადასხვა ფუნქციები, მათ შორის: დაზღვევისა და გადაზღვევის ოპერაციები. ამ ფუნქციამ შეიძლება რთულ მდგომარეობაში ჩააგდოს სადაზღვევო ბაზრის კერძო სუბიექტები. კანონპროექტის მიხედვით, ბანკის (რომლის აქციონერთა 49% შესაძლებელია სხვა, კერძო პირებს ჰქონდეთ) საწესდებო კაპიტალს მთავრობა განსაზღვრავს. საქართველოს განვითარების ბანკის წესდებას კი მთავრობა ამტკიცებს ისე, რომ დანარჩენ 49% აქციონერის თანხმობა არ სჭირდება. გაუგებარია, რატომ ეყოლება ამ ბანკს კერძო აქციონერები ასეთი ნორმის არსებობის შემთხევაში. ასევე არსებობს რისკი, რომ ბანკის კერძო აქციონერები ეცდებიან საჯარო ფინანსები საკუთარ ბიზნეს-ინტერესების დასაფინანსებლად გამოიყენონ.

ამასთან, სხვადასხვა სექტორების დაფინანსებისას იზრდება კორუფციის რისკი.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოცემულია, რომ ”კანონპროექტის მიღება შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფასთან, მიუხედავად ამისა წინასწარ აუცილებელი ხარჯების მოცულობა ვერ განისაზღვრება”. მიგვაჩნია, რომ როგორც ამ კანონპროექტის და ასევე სხვა საკანონმდებლო ინიციატივების შემთხვევაში, უნდა მოხდეს ხარჯების წინასწარი პროგნოზირება და ისეთი ჩანაწერების გაკეთება, როგორიცაა ”ხარჯების მოცულობა ვერ განისაზღვრება” უნდა შეიცვალოს ხარჯების პროგნოზირებით. ეს მანკიერი პრაქტიკაა, რაც ართულებს საკანონმდებლო ორგანოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. დაუშვებელია გადაწყვეტილების მიღება ისეთ საკითხებზე, რომელთა გამომწვევი ხარჯების პროგნოზირებას არ ან ვერ კეთდება”,- აცხადებენ ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციაში და მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს საქართველოს განვითარების ბანკის შექმნის ინიციატივა.