მიმდინარე წლის ზაფხულში მთავრობამ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დებულება დაამტკიცა.
სააგენტოს მიზნებია: კომერციულ ბანკებში სადაზღვევო შემთხვევათა დადგომისას ფიზიკური პირების დაზღვეული დეპოზიტების ანაზღაურება; კომერციულ ბანკებში სადაზღვევო შემთხვევათა დადგომისას კომერციული ბანკებიდან დეპოზიტების მასობრივი გადინების პრევენცია.
სააგენტოს უფროსი ოთარ ძიძიკაშვილი გახდა, რომელიც მანამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. აღნიშნულ პოსტზე მისმა შემოსავალმა 2016 წლის იანვარ-17 ოქტომბრის პერიოდში 45 045 ლარი შეადგინა.
2017 წლის 8 ნოემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ძიძიკაშვილი ფლობს 664 კვადრატული მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართის 50%-იან წილს და 32 კვ. მეტრის ავტოფარეხს თბილისში. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Toyota 200.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში ძიძიკაშვილს „საქართველოს ბანკში“ 9 450 დოლარი, საკრედიტოზე - 3 027 ლარი, მიმდინარე ანგარიშზე - 190 ლარი; „თი-ბი-სი ბანკში“ 1 170 ლარი; Chase Bank-ში დეპოზიტზე - 35 700 დოლარი, საკრედიტოზე - 15 000 დოლარი; Bank of America-ს დეპოზიტზე - 42 150 დოლარი; American Express საკრედიტოზე - 30 000 დოლარი; ნაღდი ფულადი თანხის სახით კი 35 000 დოლარი ჰქონდა.
მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში ჰქონდა სესხი 117 126 დოლარის ოდენობით ავტომობილის განვადებაზე, რომლის შედეგად ძიძიკაშვილის გასავალმა გასულ წელს 36 365,80 დოლარი შეადგინა; მანვე 2016 წელს 50%-იანი წილი 98 500 ლარად გაასხვისა შპს „ორგანიკ ჯორჯია“-ზე.
გარდა ამისა, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ოთარ ძიძიკაშვილის გასავალმა სწავლის საფასურის სახით 22 500 ლარი შეადგინა. ძიძიკაშვილს ყავს მეუღლე და ორი შვილი. მეუღლე ფლობს 300 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში. დეკლარაციის შევსების მომენტში „საქართველოს ბანკში“ მიმდინარე ანგარიშზე 562 ლარი; "თი–ბი–სი ბანკის" საკრედიტოზე კი 582 ლარი ჰქონდა. ამასთან, გვანცა სალაყაია არის შპს „ინდასტრიალ ინვესტმენტსის“ 50%-იანი წილის მესაკუთრე და აშშ-ში არის რეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ გვენ სალაყაიად, რომლის საქმიანობითაც გასულ წელს შემოსავლის სახით, 28 000 დოლარი მიიღო.
მთავრობის მიერ დამტკიცებული დადგენილების მიხედვით, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი შესაბამისი მიზნობრივი სახსრები; გრანტები; შემოწირულობები; ტექნიკური და სხვა სახის დახმარებები; სააგენტოს მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები; ფონდის სახსრები და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.