ბოლო 2 წელიწადში პრეზიდენტის სასახლის შენახვაზე 4,5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის შენახვა-ფუნქციონირება 2 წლის განმავლობაში (2015-2016 წლებში) 4 541 589 ლარი დაჯდა, საიდანაც ყველაზე მეტი კომუნალური ხარჯია, - ამის შესახებ ინფორმაცია „ინტეპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან გამოითხოვა.

სდსს-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს ავლაბრის რეზიდენციის შენახვა-ფუნქციონირებისთვის ჯამში 2 209 979 ლარი დაიხარჯა, კერძოდ, შრომის ანაზღაურება (შენობის შენახვა-ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პირების ხელფასი, პრემია) - 291 987 ლარი, სამეურნეო საქონელი - 41 559 ლარი, მიმდინარე რემონტი - 232 970 ლარი, კაპიტალური რემონტი - 86 348 ლარი, შენობის დაცვის შემადგენლობაზე გაწეული ხარჯი - 738 329 ლარი.

2015 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი თანხა - 818 786 ლარი კომუნალური ხარჯია, უფრო კონკრეტულად კი ელექტოენერგია - 535 568 ლარი, ბუნებრივი აირი - 183 855 ლარი, წყალი - 78 312 ლარი, გენერატორის საწვავის ხარჯი - 14 575 ლარი, შენობა- ნაგებობების და მათი მიმდინარე ტერიტორიების მოვლა/დასუფთავების ხარჯი (გუმბათის წმენდა, დროშის შეცვლა და გამწვანება) – 6 475 ლარი.

რაც შეეხება 2016 წელს, ავლაბრის რეზიდენციის შენახვა-ფუნქციონირება ჯამში, 2 331 610 ლარი დაჯდა, მათ შორის, შრომის ანაზღაურება (შენობის შენახვა-ფუნქციონირებასთან დაკავშირებული პირების ხელფასი, პრემია) - 325 025 ლარი, სამეურნეო საქონელი - 28 000 ლარი, მიმდინარე რემონტი - 187 184 ლარი, შენობის დაცვის შემადგენლობაზე გაწეული ხარჯი - 772 439 ლარი.

2015 წლის მსგავსად, გასულ წელსაც ყველაზე მეტი თანხა - 1 018 962 ლარი კომუნალური ხარჯი იყო, უფრო კონკრეტულად კი ელექტოენერგიაზე 624 485 ლარი, ბუნებრივ აირზე - 214 570 ლარი, წყალმომარაგებაზე - 144 200 ლარი დაიხარჯა, გენერატორის საწვავის ხარჯმა 6 630 ლარი, შენობა-ნაგებობების და მათი მიმდინარე ტერიტორიების მოვლა/დასუფთავების ხარჯმა (გუმბათის წმენდა, დროშის შეცვლა და გამწვანება) - 29 077 ლარი შეადგინა.