“ანაკლია სითიმ“  ავსტრიულ "გებრიუდერ ვაისთან" ხელშეკრულება გააფორმა

ანაკლია სითიმ“ მსხვილ ლოგისტიკურ და სატრანსპორტო კომპანია „გებრიუდერ ვაისთან“ წინარე ხელშეკრულება გააფორმა.

ამის შესახებ ინფორმაციას ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” ავრცელებს.

მათი ცნობით, ორ კომპანიას შორის მოლაპარაკებები ავსტრიაში, სპეციალურად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტების თემაზე გამართულ ბიზნესფორუმზე შედგა.

ავსტრიაში ღრმაწყლოვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის თემაზე გამართლ ბიზნესფორუმს 25-მდე მსხვილი ავსტრიული ბიზნესკომპანია ესწრებოდა. ფორუმის ფარგლებში, „ანაკლია სითის“ წარმომადგენლებმა ღრმაწყოლვანი პორტისა და ქალაქ ანაკლიის პროექტები კერძო სექტორს გააცნეს, ასევე გამართეს ორმხრივი შეხვედრები კომპანიების წარმომადგენლებთან.

ღონისძიება ავსტრიის სავაჭრო პალატის ორგანიზებით და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს დახმარებით შედგა.

ავსტრიული კომპანიის „გებრიუდერ ვაისის“ (Gebrüder Weiss) პროდუქტები და სერვისები ლოგისტიკას, სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გადაზიდვებს აერთიანებს. მის სერვისებს შორისაა მაღალდინამიური ტექნოლოგიების ბაზრის, ტექსტილის, სამრეწველო სექტორის და სხვა მიმართლებების ლოგისტიკა. მსოფლიოში კომპანიის 150 ფილიალი მუშაობს. 2016 წელს „გებრიუდერ ვაისმა“ 11,6 მილიონი გზავნილი და 27 მილიონი ამანათი გადაზიდა.

რაც შეეხება ქალაქ ანაკლიას, მისი გაშენება ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება. ქალაქი რეგიონში მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა. „ანაკლია სითი“ თავდაპირველ ეტაპზე მოიაზრება, როგორც ლოჯისტიკური და მსუბუქი მრეწველობისათვის განკუთვნილი სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით გაფართოვდება და ის როგორც ინდუსტრიული პარკი, ასევე საცხოვრებელი კომპლექსი იქნება. გამოიყოფა საგანმანათლებლო ტერიტორია, საოფისე ფართები, მოეწყობა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები და პავილიონები.