კომპანია RMG დაბა კაზრეთში მრავალსართულიან კორპუსებში ლიფტების განახლების პროექტში მონაწილეობს

დაბა კაზრეთში მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ლიფტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ახალი ლიფტი დღეს 114/115 კორპუსის მეორე სადარბაზოში საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას ბელორუსის ვიცე-პრემიერი მიხაილ რუსი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი და კომპანია „არემჯის“ გენერალური დირექტორი ჯონი შუბითიძე დაესწრნენ.

დაბაში 30 ახალი ლიფტი დამონტაჟდება. ძველ ამორტიზირებულ ლიფტებს, ახალი, ბელორუსში წარმოებული ლიფტები ჩაანაცვლებს. ლიფტების აღდგენის პროექტში ჩაერთო კომპანია RMG, რომელმაც შახტების რეაბილიტაციისთვის 225 000 ათასი ლარი გამოყო. აღნიშნული თანხით, დაბა კაზრეთში, ოთხი ლიფტის რეაბილიტაცია მოხდება.

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, ნებისმიერი მიდგომა არის ეკონომიკის განვითარებისაკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, უზრუნველყოფა ღირსეული ხელფასებით. მადლობელი ვარ მთავრობის, გუბერნატორის, რომლებიც დაგვთანხმდნენ ამ პროექტის განხორციელებაზე, ბიზნესმენებს, რომლებმაც თავიანთი პატრონაჟის ქვეშ მოაქციეს ეს პროექტი. აღნიშნული პროექტი მარტო ეკონომიკა არაა, მას სოციალური დატვირთვაც აქვს,“ – განაცხადა ბელორუსის ვიცე-პრემიერმა მიხაილ რუსმა.

თავის მხრივ, კომენტარი გააკეთა RMG-ის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.

“მოხარული ვარ, რომ მხარს ვუჭერთ და ვმონაწილეობთ დაბის მოსახლეობისათვის ამ მეტად მნიშნელოვან პროექტში. მოგეხსენებათ, კაზრეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ლოკაციაა. ჩვენი კომპანიის თანამშრომლების დიდი ნაწილი სწორედ ამ დაბის მაცხოვრებლები არიან, ამიტომ ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამა ყოველთვის ორიენტირებულია კაზრეთში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული, სოციალური და საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსებაზე. ამჯერად, ლიფტების რეაბილიტაცია-აღდგენის პროექტში 225 000 ლარით მივიღეთ მონაწილეობა. ასევე, გუშინ დავასრულეთ კაზრეთის ერთ-ერთი მთავარი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომლის სამშენებლო სამუშაოებში, კომპანიამ 500 000 ლარი გაიღო. რა თქმა უნდა, მომავალშიც ვგეგმავთ, რომ აქტიურად ვიყოთ ჩართული რეგიონში დაგეგმილ ღონისძიებებსა და სოციალურ პროექტებში.“ – განაცხადა RMG-ის გენერალურმა დირექტორმა ჯონი შუბითიძემ.