პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გამართული ტრენინგები პარლამენტის აპარატის უფროსის კუთვნილ სასტუმროში ჩატარდა.
საუბარია სასტუმრო ”ვარძია-რეზორტსზე”, სადაც გაზეთ ”კვირის პალიტრის” ინფორმაციით, 2017 წლის 18-19 ოქტომბერს და 2-3 ნოემბერს საქართველოს პარლამენტის აპარატის 55 თანამშრომელს ტრენინგი გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციების საკითხებზე ჩაუტარდათ.
ტრენინგში საპარლამენტო კომიტეტების აპარატებისა და დეპარტამენტის, ასევე, დეპარტამენტების ქვედანაყოფების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ. ინფორმაციას ”კვირის პალიტრასთან” საუბრისას გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენელი სოფო ჭიჭინაძე ადასტურებს.
”კვირის პალიტრის” ინფორმაციით, სასტუმრო ”ვარძია-რეზორტსი” დღესაც პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ნათენაძის საკუთრებაშია. როგორც ინფორმირებული წყარო ყვება, მსგავსი ტრენინგები 2017 წლამდე ყოველთვის კახეთის ერთ-ერთ სასტუმროში ტარდებოდა, თუმცა ლოკაცია მიმდინარე წელს მას შემდეგ შეიცვალა, რაც ნიკოლოზ ნათენაძე პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელად დაინიშნა. წყაროს ცნობით, თავად ნათენაძე იყო დაინტერესებული, პარლამენტში დაგეგმილი ტრენინგები მის საკუთრებაში არსებულ სასტუმროში ჩატარებულიყო.
გაეროს განვითარების ფონდი ”კვირის პალიტრასთან” საუბრისას ადასტურებს, რომ სასტუმრო ”ვარძია-რეზორტსთან” გრძელვადიანი ხელშეკრულება სწორედ 2017 წელს გაფორმდა. ”კვირის პალიტრასთან” ნიკოლოზ ნათენაძემაც დაადასტურა, რომ სასტუმრო ”ვარძია-რეზორტსი” მისი ოჯახის საკუთრებაშია.
”მინდა ვითარებაში გაგარკვიოთ - პარლამენტის ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა აღნიშნულ ტრენინგებზე. ამას აფინანსებენ დონორები, თავად არჩევენ ადგილს, სადაც უნდა ჩატარდეს სემინარი და ჩემი ბრალი არ არის, რომ ”ვარძია-რეზორტსი” არსებობს და ის ჩემი ოჯახის საკუთრებაშია. ინტერესთა კონფლიქტს ამ საქმეში ვერ ვხედავ, უბრალოდ, ჩვენს თანამშრომლებს ჰქონდათ გამოხატული ინტერესი, რომ ტრენინგები მუდმივად კახეთში არ ჩატარებულიყო. მე ვიცი, თანამშრომლებში ტენდენცია, რომ საქართველო მხოლოდ კახეთი არ არის და მთლიანად საქართველოა, ამაზე უნდა შევთანხმდეთ. როგორც გითხარით, დონორები თავად არჩევენ ლოკაციას. ამ შემთხვევაში, ტრენინგი სულ ორჯერ ჩატარდა და პირადად ვმონაწილეობდი. თუმცა, ვიმეორებ, პარლამენტის ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა. ეს იყო გაეროს განვითარების ფონდის ინიციატივა, არჩევენ შეღავათიან ადგილებს ტრენინგებისთვის”, - განაცხადა ნიკოლოზ ნათენაძემ.
როგორც ”კვირის პალიტრასთან” საუბრისას გაეროს განვითარების ფონდის წარმომადგენელმა სოფო ჭიჭინაძემ განმარტა, ”ვარძია-რეზორტსთან” გრძელვადიანი ხელშეკრულება 2017 წელს გაფორმდა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ლოკაციების შერჩევა სასტუმროებსა და საკონფერენციო დარბაზებთან გაფორმებულ გრძელვადიან ხელშეკრულებებს ეყრდნობა.
”ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ყურადღება ექცევა შეთავაზებულ ფასებს, მონაწილეთა რაოდენობას, ხელსაყრელ ადგილმდებარეობასა და ღონისძიების ხანგრძლივობას. ღონისძიების ჩატარების ადგილი ბენეფიციარებთან არ თანხმდება”, - აღნიშნა ჭიჭინაძემ.