მცხეთის კინოთეატრის შენობაში არქეოლოგიური მუზეუმი მოეწყობა

მცხეთის კინოთეატრის შენობა არქეოლოგიურ მუზეუმად გადაკეთდება.

პროექტის განხორციელებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. ტენდერის თანახმად, საქართველომ რეგიონული განვითარების მესამე პროექტისთვის (RDP III) მსოფლიო ბანკის დაფინანსება მიიღო. რომლის გარკვეული ნაწილიც მცხეთის კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის მიზნით იქნება გამოყენებული.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 30 ნოემბერს დაიწყება და 4 დეკემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 7 249 656 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტი ითვალისწინებს: არსებული შენობის გამაგრებას და გადაგეგმარებას, სადაც განთავსდება მუზეუმის ადმინისტრაცია და სამუზეუმო საცავები; შენობის ქვედა ნაწილში მოქცეული არქეოლოგიური ძეგლის - „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოების განხორციელებას; ორსართულიანი მიშენების მოწყობას სარდაფით, სადაც განთავსდება მუზეუმის მიმღები, საგამოფენო დარბაზი, საკონფერენციო სივრცე, კაფე, სველი წერტილები, დამხმარე, სასაწყობე სათავსები და ა.შ. არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას - პარკირებისა და გამწვანების მოწყობას, არსებული კიბეებისა და აუზის რეაბილიტაციას, ტერიტორიის მოკირწყვლასა და განათებას.

სამუშაოების ხანგრძლივობაა სამუშაოების დაწყებიდან 18 თვე.

ამასთან, მცხეთის მუნიციპალიტეტის ცნობით, მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმი ახალ შენობაში 2019 წლიდან განთავსდება.