საერთაშორისო რეკლამის ფესტივალის „კანის ლომები“ ორგანიზატორთა განცხადებით, მომავალი წლის ფესტივალზე უამრავი ცვლილება იქნება.
მათივე თქმით, ფესტივალის ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს სარეკლამო კომპანიების თხოვნები. სარეკლამო კომპანიების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ „კანის ლომები“ საკმაოდ ძვირად ღირებული სიამოვნება იყო. სწორედ სიძვირის გამო თქვა უარი წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობაზე კომპანია Publicis Groupe-მა.
ცვლილებების თანახმად, ღონისძიება უფრო მოდერნიზებული და სადა გახდება, ასევე შემცირდება გადასახადი მონაწილეებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ფესტივალში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა Publicis Groupe-მა.
განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2018 წელს „კანის ლომები“ 5 დღის განმავლობაში გაიმართება; მონაწილეობის საფასური 900 ევროთი შემცირდება; გაუქმდება 120-ზე მეტი ქვეკატეგორია; დაემატება ხუთი ახალი კატეგორია; კონკურსანტს შესაძლებლობა ექნება ერთი ნამუშევარი წარადგინოს არა უმეტეს 6 კონკურსში. გარდა ამისა, ფესტივალის დელეგატებისთვის იმოქმედებს ფიქსირებული ფასები რესტორნებსა და სასტუმროებში.
„კანის ლომები“ 2018 წლის 18-22 ივნისს გაიმართება.