ევროპული პოლიტიკის საკითხების სპეციალისტი ლევან ბოძაშვილი საქართველოსთან მიმართებაში ე.წ. შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხეს ამ ეტაპზე ვერ ხედავს. როგორც ბოძაშვილმა რადიო „პალიტრის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის რეჟიმის დამრღვევ პირთა მაჩვენებელი არ არის ის გადაჭარბებული რაოდენობა, რის გამოც აღნიშნული საფრთხე შეიძლება არსებობდეს.
„160 000-ზე მეტი მოქალაქიდან 9 ათასი არ არის ის რიცხვი, ის გადაჭარბებული რაოდენობა, მასიური შედინება შენგენის ზონაში, რომელმაც ჩვენ უნდა გვაფიქრებინოს და მიგვანიშნოს იმაზე, რომ შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს. აქ კიდევ სხვა კრიტერიუმებიც არსებობს, მათ შორის როგორია თავშესაფრის მომთხოვნ აპლიკანტთა რაოდენობა ანუ ამ შემთხვევაში, 9 ათასიდან რამდენმა მოითხოვა ან მოითხოვს თავშესაფარს, რაც მიმდინარე პროცესია და ჯერ არავინ იცის“, - განაცხადა ბოძაშვილმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის 90-დღიანი ვადის სავარაუდოდ დამრღვევ პირთა მაჩვენებელი სხვა ქვეყნების, მათ შორის მოლდოვას შემთხვევაში უფრო მაღალია.
„ამიტომ მე შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხეს ამ ეტაპზე ვერ ვხედავ“, - განაცხადა ბოძაშვილმა.
28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლით საქართველოს 161 885-მა მოქალაქემ ისარგებლა, საიდანაც უვიზოდ მიმოსვლისთვის გათვალისწინებული 90-დღიანი ვადა, სავარაუდოდ, 9875-მა მოქალაქემ დაარღვია.
როგორც ”ინტერპრესნიუსის” მიერ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, სტატისტიკურად სავარაუდო დამრღვევთა რაოდენობა 6,1%-ს მოიცავს.
საქართველოს ოფიციალური უწყებებისთვის უცნობია, 9875 მოქალაქიდან რამდენი დარჩა შენგენის ზონაში და რამდენი გადავიდა მესამე ქვეყანაში უვიზო რეჟიმის წესების დაცვით.