ვინ არის პასუხისმგებელი ლარის მკვეთრ გაუფასურებაზე?

აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმებისა და არასწორი პოლიტიკის შედეგია ის, რა დღეშიც არის დღეს ლარი.

ამის შესახებ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ეკონომიკის ექსპერტმა ირაკლი ყიფიანმა განაცხადა.

„ლარი რომ სტაბილური ვალუტა იყოს, ეს აღმასრულებელი ხელისუფლების სწორი პოლიტიკის ამოცანა უნდა ყოფილიყო. პარლამენტში უნდა იბარებდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ პოლიტიკის გამო, რაც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში აწარმოეს. იმიტომ, რომ რაც დღეს ლარს სჭირს, ეს არის წლების განმავლობაში დაგროვებული პრობლემა, რომელიც თუნდაც ბოლო წლის ეკონომიკური პოლიტიკით ვერ იხსნება“, - განაცხადა ყიფიანმა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების პოვნა რთულია.

„ვერ ვპოულობ ისეთ რამეს, რაც შეიძლება ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯი ყოფილიყო. მაგალითად, ესტონური მოდელის განხორციელება, რაც გულისხმობდა რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადის ბიზნესისთვის დატოვებას, ძალიან კარგი ინიციატივა იყო. ხელისუფლებას ამ მოდელის განხორციელების ორი გზა - ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება ან გადასახადების გაზრდა ჰქონდა. მთავრობამ გაზარდა გადასახადები, რამაც ინფლაციური მოლოდინები შექმნა, ამის გამო გამოვიდა ეროვნული ბანკი და გაამკაცრა რეფინანსირების განაკვეთი, რამაც ეკონომიკის ნელი ტემპებით ზრდა გამოიწვია. შედეგად მივიღეთ ერთი სწორი რეფორმის არასწორი გაკეთება. მსგავსი ტიპის ხარვეზები მრავალია“, - აღნიშნა ყიფიანმა.