"მჯერა, რომ ლარის კურსის მერყეობა გავლენას არ იქონიებს ამბულატორიული მედიკამენტების ფასებზე"

მჯერა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელდება ლარის კურსის მერყეობა და არ იქონიებს გავლენას ამბულატორიული მედიკამენტების ფასებზე , - ამის შესახებ შრომისა და ჯანმრთელობის მინისტრმა დავით სერგეენკომ "ინტერპრესნიუსს" მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით განუცხადა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, თუკი გაგრძელდება კურსის მერყეობა, ეროვნული ბანკი გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომ ეს გადახრა დაბალანსდეს.

„მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება სტაციონარში პაციენტის მკურნალობისთვის, იფარება სახელმწიფო პროგრამით. მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გადაუდებელ ამბულატორიაში, ასევე სახელმწიფოსგან ანაზღაურდება ვაქცინაციის ჩათვლით. ყველაზე მტკივნეული მოსახლეობისთვის ყოველთვის იყო ის ნაწილი მედიკამენტების, რომელიც სამედიცინო დაწესებულებების გარეთ უნდა მიიღოს პაციენტმა, ეს არის გეგმური ამბოლატორიული მედიკამენტები. ამ მხრივ 1-ელ ივლისს დავიწყეთ პროგრამა, რომლითაც იფარება 100 000 ქულაზე ნაკლების მქონეთათვის, რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს მათთვისაც მგრძნობიარე საკითხია და მართლაც მჯერა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელდება კურსის მერყეობა და არ იქონიებს გავლენას ამბოლატორული მედიკამენტების ფასებზე. თუკი ეს ასე მოხდა, ეროვნულმა ბანკმა უკვე გააკეთა განცხადება, რომ გამოიყენებს შესაბამის ინსტრუმენტებს, რომ ეს გადახრა დაბალანსდეს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.