აშშ-ის 2018 წლის თავდაცვით ბიუჯეტში, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე 350 მილიონი დოლარია გათვალისწინებული

აშშ-ის კონგრესმა ქვეყნის 2018 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელშიც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე 350 მილიონი დოლარია გათვალისწინებული. ამის შესახებ აშშ-ში უკრაინის საელჩო იუწყება.

კანონპროექტის მიხედვით, პენტაგონს შეუძლია უკრაინას ლეტალური თავდაცვითი შეიარაღება და ტექნიკა გადასცეს, თანხის ნაწილი უკრაინელი სამხედროების გაწვრთნაზე და ამერიკულ სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობაზე, უკრაინელი სამედიცინო სპეციალისტების მომზადებასა და ქვეყნის „საჰაერო და სამხედრო-საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაზე“ დახარჯოს.

აშშ-ის კონგრესის სენატმა 2018 წლის თავდაცვითი ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ხელის მოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნა.

სამხედრო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 4,6 მილიარდი აშშ დოლარი გამოყოფილი იქნება „ევროპაში რუსეთის შეკავების ინიციატივისა“ და ევროპაში აშშ-ის სამხედრო პოტენციალის განსახორციელებლად. აქედან 100 მილიონი აშშ დოლარი შეიძლება დაიხარჯოს ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე.